საზოგადოება

ია ფარულავას პროდიუსერებმა შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ – რა მოხდა ბოლო გადაცემის შემდეგ?

მსახიობსა და ტელეწამყვანს, ია ფარულავას შესაძლოა, ყოფილმა პროდიუსერებმა, ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ  სასამართლოში უჩივლონ.

ია ფარულავას „ფარული კონვერტის“ პროდიუსერები ფსიქოლოგიურ ძალადობასა და უცენზურო მიმართვაში ადანაშაულებენ. ნინუცა მაყაშვილის მონაწილეობით ცნობილი გადაცემის შემდეგ, მორიგი გადაცემის ჩაწერისას, ია ფარულავამ პროდიუსერებს დამსწრე საზოგადოების თვალწინ აგინა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ ქეთი გუნცაძე და ეკა გვახარია წერენ, რომელმაც „ფარული კონვერტი“ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

„ფორტუნასთან“ ექსკლუზიურად გადაცემა „ფარული კონვერტის“ უკვე ყოფილმა პროდიუსერებმა ეკატერინე გვახარიამ და ქეთი გუნცაძემ ისაუბრეს.

ქეთი გუნცაძე:

რამდენიმე დღის წინ იყო კრება, სამუშაო შეხვედრა, რომელსაც გადაცემის ახალი მენეჯმენტი და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, დაახლოებით 15 ადამიანი, რომელთა უმრავლესობას გადაცემასთან აქამდე შემხებლობა არ ჰქონია. სამწუხაროდ, სამუშაო რეჟიმში კონკრეტული საკითხის განხილვის ნაცვლად, ფარულავას მხრიდან დაიწყო ჩვენგან აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია და თავხედური შეურაცხყოფა. სამწუხაროდ, მენეჯმენტის მხრიდან, ნორმალური სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, მივიღეთ ამ ადამიანის მიმართ სოლიდარული დამოკიდებულება, ვითომდა მისი, როგორც გადაცემის წამყვანის, სასურველ რეიტინგზე აპელირებით. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი, როგორც პროდიუსერების, ძალისხმევის შედეგად გადაცემებში არ ხვდებოდა წამყვანის ხშირად ქსენოფობიური და ჰომოფობიური „გამოხტომები“, რაც თავისთავად რეიტინგებზე რა გავლენასაც იქონიებდა, ადვილი სავარაუდოა.

მიუხედავად მძიმე და ტოქსიკური გარემოსი, გადაცემის და არხის ინტერესებიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობდით, დაგვებალანსებინა ჩვენსა და წამყვანს შორის ურთიერთობა, არ გავცდენოდით პროფესიული ურთიერთობის ფარგლებს, თუმცა ფაქტია, რომ მარტო ჩვენი ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი ბულინგისა და პირადი შეურაცხყოფის ამ მასშტაბის აღმოფხვრისთვის. ვაპირებთ, სამართლებრივ გზებს მივმართოთ.

ეკატერინე გვახარია:

ჩემი მხრიდან გეტყვით, რომ ველოდებით არხის პოზიციას. რაც შეეხება წამყვანთან ურთიერთობას, ვთვლი, რომ არავის აქვს ღირსების შელახვის უფლება.

გვინდა, შეიქმნას პრეცედენტი იმისა, რომ არავის აქვს უფლება, ვინც უნდა იყოს ის, თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა.

Fortuna.ge ია ფარულავას დაუკავშირდა, რომელმაც კითხვაზე, რა პასუხს გასცემდა პროდიუსერების ბრალდებებს, ასე უპასუხა:

„არავითარ კომენტარებს არ ვაკეთებ, ჩემო საყვარელო, მით უმეტეს, რადიოსთვის. მადლობა“.

Fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close