fbpx
ეკონომიკამოგზაურობა

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის – ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.

ავიაკომპანია „ევროვინგსი“, რომელიც „ლუფტჰანზა ჯგუფში“ შედის და დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისი-დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას 21 ივლისიდან დაიწყებს. ფრენა AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება კვირაში 2 სიხშირით – ყოველ ოთხშაბათს და კვირას.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, თამარ არჩუაძის თქმით, ავიაკომპანიასთან 2017 წლიდან მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა და საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენის დაწყებას Eurowings-ი 2020 წლის ზაფხულიდან გეგმავდა, თუმცა პანდემიის გამო ვადები შეიცვალა:

„მიდიოდა მუშაობა 2020 წლის ზაფხულის სეზონიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყების თაობაზე, თუმცა პანდემიის გამო 2020 წელს ავიაკომპანიის გეგმები მნიშნელოვნად შეიცვალა. მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია 2021 წლის ივლისიდან აპირებს თბილისიდან დიუსელდორფის მიმართულებით ოპერირების განხორციელებას. გვჯერა, რომ სამომავლოდ ავიაკომპანია Eurowings-ი საქართველოდან ოპერირების არეალს კიდევ უფრო გაზრდის“, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას პირველ ეტაპზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (ოქტომბერი) გეგმავს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უნგრული ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს 18 აპრილიდან განაახლებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close