იტალიაპოლიტიკა

იტალიის მთავრობა ქვეყნის „გახსნაზე“ საუბარს იწყებს – როდიდან დაიწყება შეზღუდვების მოხსნა და როგორი იქნება ზაფხული?

დღეიდან, 12 აპრილიდან ძალაში შევიდა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლის თანახმადაც 6 რეგიონი – კალაბრია, ემილია-რომანია, ფრიული ვენეცია ჯულია, ლომბარდია, პიემონტი და ტოსკანა – „წითელი ზონიდან“ „ნარინჯისფერში“ გადავიდა.

„ნარინჯისფერ ზონაში“ დარჩა აბრუცო, ბაზილიკატა, ლაციო, ლიგურია, მარკე, მოლიზე, სიცილია, უმბრია, ვენეტო და ავტონომიური პროვინციები – ბოლცანო და ტრენტო. 11,4 მლნ იტალიელი კი ჯერჯერობით „წითელი ზონის“ რეჟიმში იქნება – კამპანიის, აპულიის, ვალე დ’აოსტას და სარდინიის მაცხოვრებლები. ეს უკანასკნელი ერთი თვის წინ ერთადერთი „თეთრი ზონა“ იყო, ინფექციის გავრცელების მინიმალური საფრთხით, თუმცა დღეიდან „ნარინჯისფრიდან“ „წითელ ზონაში“ გადავიდა ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გაუარესების გამო.

„ნარინჯისფერ ზონებში“ გახსნილია მაღაზიები, შესაძლებელია გადაადგილება იმ მუნიციპალიტეტის ფარგლებში, სადაც მოქალაქე ცხოვრობს; აგრეთვე, ნებადართულია ნათესავებთან ან მეგობრებთან სტუმრობა (დილის 5-იდან საღამოს 10 საათამდე), დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 2 ადამიანი ერთად (14 წლამდე ბავშვების თანხლებაზე რაოდენობრივი შეზღუდვა არ არსებობს).

რეგიონებს შორის გადაადგილება 30 აპრილამდე აკრძალულია.

დღეიდან სახელმწიფო სკოლების და იმ კერძო სკოლების ნაწილის, რომლებიც თავიანთი საგანმანათლებლო სტანდარტებით სახელმწიფო სკოლებს უთანაბრდება (აქედან მოდის მათი სახელწოდება – Scuola  paritaria  ან scuola  privata  paritaria) 8,5 მლნ მოსწავლიდან 6,6 მლნ მერხთან სწავლას აგრძელებს, ანუ ყოველი 10 მოსწავლიდან – 8. ეს თითქმის მილიონით მეტია, ვიდრე წინა კვირაში. იტალიაში საბავშვო ბაღები გახსნილია, დაწყებითი კლასის ყველა მოსწავლე მერხთან სწავლობს.

ერთადერთი რეგიონი, სადაც ტენდენცია გაუარესდა, სარდინიაა, სადაც მეორიდან მერვე კლასების და უფროსი კლასების 63 ათასი მოსწავლე დღეიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მთლიანობაში კი რეგიონში 2 მლნ მოსწავლე ონლაინ სწავლობს.

იტალიის მთავრობა ფიქრობს, კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვები მაისში შეამსუბუქოს და 2 ივნისიდან ტურიზმი გახსნას.

„2 ივნისი – ეროვნული დღესასწაულია და ეს შესაძლოა შესაფერისი დრო იყოს [ტურიზმის გახსნისთვის]. იდეოლოგიური დებატები მიმდინარეობს გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტურიზმის მინისტრმა მასიმო გარავალიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია წინასწარ დაიგეგმოს იტალიის ტურისტული სექტორის გახსნა, რომელიც კარანტინისგან ერთ-ერთი ყველა უფრო დაზარალებული ბიზნესია.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, ნებადართული იქნება თუ არა წელს ტურისტული მიზნებით მოგზაურობა იტალიაში ვიზიტორებისათვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან და აპირებს თუ არა იტალია, შეუერთდეს „ჯანმრთელობის პასპორტის“ ევროპულ სქემას.

რაც შეეხება მთავრობის მეთაურის პოზიციას, პრესკონფერენციაზე მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ამ ზაფხულს იტალიაში ტურიზმის გახსნის თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ტურიზმის მინისტრის განცხადება 2 ივნისთან დაკავშირებით შესაძლოა მისაღები იყოს.

„იმედი ვიქნიოთ. შესაძლოა, უფრო ადრეც გავხსნათ, ვინ იცის“, – განაცხადა დრაგიმ.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ წარმოუდგენია ზაფხულის პერიოდის სიტუაცია. მისი ვარაუდით, ზაფხულის თვეები „მკვეთრად განსხვავებული იქნება პანდემიის პერიოდის ამ თვეებისგან“, თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია თანდათანობით „გახსნა“. იგი კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, როდის მოიხსნება ყველა შეზღუდვა, თუმცა ამბობს, რომ ოპტიმისტურადაა განწყობილი.

„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, – განცხადა რობერტო სპერანცამ ინტერვიუში. – თუ მოვახერხებთ მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას, ამ ზაფხულს უფრო მეტი თავისუფლება გვექნება“. ამავე დროს, სპერანცას შემოაქვს წინადადება, „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინების პირველი და მეორე დოზები  გაკეთდეს არა 21 და 28 დღის, არამედ 42 დღის შუალედით.

მისი თქმით, იტალიაში დღეში, საშუალოდ, 310 000 აცრა კეთდება. „ველოდებით, რომ ამ კვარტალში 50 მლნ დოზა ვაქცინა გვექნება, 7,3 მლნ – Johnson & Johnson-ი“, – აღნიშნა სპერანცამ.

მინისტრი ხაზს უსვამს იმასაც, ქვეყნის განმეორებითი გახსნისას უფრო მეტი სიფრთხილე და წინდახედულებაა საჭირო, ვიდრე გასულ ზაფხულს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close