ლიტერატურა/წიგნებისაქართველო

„საქართველოში თუ გინდა, რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდან“ – „მართალი კაცის“ მართალი სიტყვა

…ოტია იოსელიანი მისაღებ გამოცდებზე ქართულში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და, გულმოსულმა, სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებინა, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო. „ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს“, – ამბობდა ოტია. შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა.

მწერლის ნაწარმოებები 30-მდე ენაზეა ნათარგმნი და მათი საერთო ტირაჟი 6 მილიონია. მისი ოცამდე პიესა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში დაიდგა.

ოტია იოსელიანს „სიბრძნით სავსე“ „მართალ კაცს“ ეძახდნენ, რადგან ყოველთვის შელამაზების გარეშე ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა.

„ქვეყანა გამოთაყვანდა“ – ამ სიტყვებს თურმე მწერალი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად იმეორებდა. სხვაც ბევრი უთქვამს…

1. „საქართველოში თუ გინდა რამეს მიაღწიო, ან ხელიდან უნდა წახვიდე, ან ქვეყნიდან“.
2. „როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ, გულგრილები – გივიწყებენ, თავხედები კი  – უფრო თავხედდებიან“.
3. „დამარცხებას ათასი გამამართლებელი საბუთიც რომ ჰქონდეს, მაინც დამარცხებაა“.
4. „რაც უფრო მეტად ანახვებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მით უფრო მეტად გაგიმეტებს, რომ გული გატკინოს“.
5. „თუ ვინმეს მართლა უყვარდი და გიღალატა, იცოდე, იგი ამას უშენოდ ვერ შეძლებდა“.
6. „არ შეიძლება, ყველას უყვარდე ან სძულდე, მაგრამ გააჩნია, ვის სძულხარ და ვის უყვარხარ“.
7. „ცუდ ამინდს კი მოჰყვება კაი ამინდი… მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასდროს ვერ იკაიკაცებს…“
8. „მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს“.
9. „ამქვეყნად ყველას თავისი ადგილი აქვს და იმას ნუკი ეძებ, ვის სკამზე დაჯდე, შენი სკამი იპოვე და იქ დაბრძანდი“.
10. „შენი ერთგულების ნიჭი რომ დაინახო, ვინმეს უნდა დასჭირდეს ეს ერთგულება“.
11. „გიყვარდა და აღარ გიყვარს – მასეთი რამ არ არსებობს… თუ მართლა გიყვარს, სამუდამოდ გიყვარს. თუ გადაგიყვარდა, ესე იგი, არც არასოდეს გყვარებია“.
12. „ზომიერების გრძნობა დიდი ნიჭია, თორემ თავის მობეზრება სიყვარულითაც შეიძლება“.
13. „ადამიანებს ერთმანეთის დანდობა და სიყვარული იმიტომ გვჭირდება, რომ ცხოვრებაა დაუნდობელი და კაცთმოძულე“.
14. „არ მინდა, შენ ისე გიყვარდე, უჩემობა ვერ გადაიტანო. მე ორი სიკვდილით ვერ მოვკვდები…“
15. „ყველა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რახანია ქვეყნად სარკე მოიგონეს…“
16. „ერთხელ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ შენი გუნებისად, რწმენისად, სიმართლისად იცხოვრო, სხვანაირად ცხოვრება ცხოვრება არაა“.
17. „მშვენიერება იმდენნაირია, რამდენნაირი დამნახავიცა ჰყავს“.
18. „ყოველ ადამიანს აქვს ამქვეყნად კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს…“
19. „ან ხვნა-თესვას უნდა მიეჩვიოთ, ან ჭამა-სმას უნდა გადაეჩვიოთ!“
20. „ სიყვარული დიდი ტვირთია, სუსტი, უძლური და უნიათო ვერ ასწევს, ვერ ატარებს…“
მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close