fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

გერმანიამ საფრანგეთი კორონავირუსის „მაღალი რისკის“ ზონად გამოაცხადა

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 41 869 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიამ მთელი საფრანგეთი, ზღვისმიღმა ტერიტორიების ჩათვლით, Covid-19-ის „მაღალი რისკის“ ზონად გამოაცხადა. ამის შესახებ რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტში 26 მარტს განაცხადეს. შესაბამისად, გერმანიაში საფრანგეთიდან ჩასული პირების უმეტესობას კარანტინის გავლა და 48 საათით ადრე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.

სასაზღვრო ტესტირება საფრანგეთიდან ჩასული პირებისთვის შემთხვევითი შერჩევით ჩატარდება და არა ისე მკაცრად, როგორიც გერმანიამ ცოტა ხნის წინ პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და ტიროლიდან (ავსტრია) ჩასული ვიზიტორებისთვის დააწესა.

გერმანიის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში უკანასკნელ პერიოდში ინფექციის გავრცელების მზარდმა მაჩვენებლებმა განაპირობა – ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საფრანგეთის ბევრ დეპარტამენტში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 200-ს აღემატება. პარასკევის, 26 მარტის მონაცემებით, გერმანიაში ეს მაჩვენებელი ეროვნულ დონეზე 119-ს უდრის.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 869 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 363 კოვიდ-პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 4 465 956 შემთხვევაა გამოვლენილი (ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზეა ევროპაში), ხოლო 94 275 ადამიანი გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close