საქართველოსპორტი

თბილისის გრან სლემის პირველი დღის შედეგი საქართველოსთვის – ერთი ოქრო და ორი ვერცხლი

ძიუდოში თბილისის გრან სლემის პირველივე დღეს წარმატებულად იასპარეზეს საქართველოს ნაკრების წევრებმა და სამი მედლის – ერთი ოქროს და ორი ვერცხლის აღება შეძლეს.

ოქროს მედალი 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ნოზაძის ანგარიშზეა. ფინალურ შეხვედრაში უზბეკმა მოწინააღმდეგემ მის წინააღმდეგ მტკივნეული აკრძალული ილეთი გამოიყენა, რის გამოც გამარჯვება ქართველ ძიუდოისტს მიეკუთვნა.

ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ნახევარფინალში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, კანადელ კრისტა დეგუჩის სძლია, თუმცა ფინალში კოსოვოელ ნორა ჯაკოვასთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ  ეთერ ლიპარტელიანს ოლიმპიური ლიცენზია უკვე მოპოვებული აქვს და გრან სლემის ვერცხლის მედლით მის სარეიტინგო ქულებს 300 ქულა შეემატა. იგი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმაც, რომელიც ფინალში უზბეკ ძიუდოისტთან დამარცხდა.

თბილისის გრან სლემი დღეს, 26 მარტს დაიწყო და 28 მარტამდე გაგრძელდება.

27 მარტს ტურნირზე 73 და 81 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვაჟები და 63, 70 კილოგრამი წონითი კატეგორიის გოგონები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ ვაჟებიდან – ლაშა შავდათუაშვილი (73), ფრიდონ გიგანი (73), თორნიკე გვიჩიანი (73), ალეკო მამიაშვილი (73), ტატო გრიგალაშვილი (81), გიორგი შერაზადიშვილი (81), დიმიტრი გოჩილაიძე (81), გიგა გიგაური (81), ხოლო გოგონებიდან – ინდირა სილაგაძე (63) და მარიამ ჭანტურია (70).

თბილისში წელს გრან სლემი პირველად ტარდება, აქამდე თბილისის ტურნირს უფრო დაბალი – გრან პრის კვალიფიკაცია ჰქონდა. თბილისის ტურნირის კიდევ უფრო პრესტიჟულ – გრან სლემად კვალიფიცირების გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF), საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, გასული წლის დეკემბერში მიიღო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close