მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთის პარლამენტმა ქვეყანაში ევთანაზია დააკანონა

ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში ევთანაზია იქნება დაშვებული. პირენეის ნახევარკუნძულზე მდებარე სახელმწიფო ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის შემდეგ მეოთხე ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც უკურნებელი სენით დაავადებულ პაციენტებს გაუსაძლისი ტკივილისგან თავის დაღწევის მიზნით სიცოცხლის თვითნებურად შეწყვეტის უფლება მისცეს.

ევთანაზიის შესახებ ახალ კანონს მხარი ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატის 202-მა წევრმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ ხმა 141-მა დეპუტატმა მისცა, 2-მა კი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა გაუმართლებელია ნებისმიერი გარემოების მიუხედავად.

„დღეს ჩვენ უფრო ჰუმანური, სამართლიანი და თავისუფალი ქვეყანა გავხდით. ევთანაზიის შესახებ კანონი, რომლის მიღებასაც საზოგადოება ასე ითხოვდა, საბოლოოდ რეალობად იქცა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ესპანეთში ღირსეული სიკვდილის უფლების მოსაპოვებლად განუწყვეტლივ იბრძოდა“, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ტვიტერზე ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა კანონის დამტკიცების შემდეგ.

ესპანელები ევთანაზიის შესახებ კანონის დამტკიცებას აღნიშნავენ. ფოტო: Reuters

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევთანაზია მხოლოდ ესპანეთის მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მის აღსრულებაზე ჯანდაცვის ეროვნული სამსახური იზრუნებს, მანამდე კი მსურველმა 15 დღის ინტერვალით წერილობით ორჯერ უნდა დაადასტუროს, რომ საკუთარი სიცოცხლის შეწყვეტა ნამდვილად სურს. აღსანიშნავია, რომ ევთანაზიის მოთხოვნაზე თანხმობა პაციენტმა ორი ექიმისგან და სპეციალური ორგანოსგან უნდა მიიღოს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეაფასებს. ამასთანავე, ნებისმიერ მედიკოსს შეუძლია, უარი განაცხადოს ამ პროცედურაში მონაწილეობაზე.

ევთანაზიამ ესპანელების ყურადღება 2004 წელს ფილმის „ზღვა შიგნით“ გამოსვლის შემდეგ მიიპყრო. ის მეზღვაურისა და მწერლის, რამონ სამპედროს რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. ამ უკანასკნელმა ზღვაში ჩაყვინთვისას თავის ტვინის დაზიანება მიიღო, რამაც მისი სხეულის მთლიანად პარალიზება გამოიწვია. სამპედრო 29 წლის განმავლობაში იბრძოდა, რომ ევთანაზიის უფლება მოეპოვებინა, რადგან საკუთარი სიცოცხლის დასრულება თავად არ შეეძლო. საბოლოოდ მას მეგობარი, რამონა მანეირო დაეხმარა და 1998 წელს კალიუმის ციანიდი მიაღებინა. მანეირო სამართალდამცველებმა დააკავეს, თუმცა მტკიცებულებების არარსებობის გამო მალევე გაათავისუფლეს. დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კი მან აღიარა, რომ რამონ სამპედროს თვითმკვლელობაში მართლაც დაეხმარა.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close