fbpx
ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 28 მარტიდან განახლდება

მიმდინარე წლის 28 მარტიდან საქართველოსა და პოლონეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა-თბილისი-ვარშავის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს. ამასთან, მიმდინარე წლის 31 მაისიდან ავიაკომპანია აღნიშნული მიმართულებით ფრენის სიხშირის ზრდას გეგმავს. კერძოდ, LOT Polish Airlines-ის ინფორმაციით, ვარშავა-თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები კვირაში ხუთჯერ შესრულდება.

16 მარტს განახლდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და ყაზახეთს შორის. ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი-თბილისი-ალმათის მიმართულებით ფრენას კვირაში სამი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ძალაში შესვლიდან (მარტის ბოლო კვირა) ავიარეისები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

ხვალიდან, 19 მარტიდან კი განახლდება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

ბაქო-თბილისი-ბაქოს საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის სტრუქტურის ქვეშ დაფუძნებული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways-ი შეასრულებს კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრებს აფრთხილებს, გაითვალისწინონ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებს და სანიტარიულ მოთხოვნებს, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close