fbpx
საზოგადოებასაქართველო

საქართველოში აცრის შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა, თუმცა ვაქცინაციის პროცესი გრძელდება

ახალციხეში დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთის შემდეგ ახალგაზრდა ექთანი ცუდად გახდა. შემთხვევა „იმედის კლინიკაში“ მოხდა. როგორც ექიმები ამბობენ, 28 წლის მეგი ბაქრაძის მდგომარეობა რთულია. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც. ქალის ახლობლებმა კლინიკის მინები ჩაამტვრიეს. კლინიკასთან მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და ანამნეზში ალერგიული რეაქცია არ ჰქონია. ფაქტის მოკვლევა უკვე დაწყებულია, თუმცა გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა იყოს ვაქცინაციის შემდგომი უიშვიათესი გართულება, ანაფილაქსიური შოკი.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექთანი ახალციხიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალციხეში მომხდარი შემთხვევის მიუხედავად საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არცერთ ქვეყანას არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეჩერებული იქნას „ასტრაზენეკას“  მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხელბლად გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კონსილიუმი მიმდინარეობს. კონსილიუმს ექიმების მრავალპროფილიანი გუნდი, სხვადასხვა კლინიკის იმუნოლოგები და ნევროლოგები ესწრებიან. ისინი მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და მისი მოადგილე თამარ გაბუნია. ჯანდაცვის მინისტრი იმედოვნებს, რომ მკურნალობის სწორი ტაქტიკისა და ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით შემთხვევა კეთილად დასრულდება

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული ახალციხეში მოხმდარ ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ანაფილაქსური შოკი არის აბსოლუტურად ყველა სახის ვაქცინის შესაძლო, იშვიათი გვერდითი ეფექტი და მისი განვითარება არ ნიშნავს ვაქცინის უხარისხობას.

„ანაფილაქსური შოკის სტანდარტული მკურნალობის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს ადრენალინი. არსებობს ასევე იშვიათი შემთხვევები, როდესაც ანაფილაქსური რეაქცია არ ემორჩილება ადრენალინით მკურნალობას. მაშინ მართვითი სუნთქვა და სხვა მედიკამენტებია საჭირო, მათ შორის სტეროიდები. გართულებული და ადრენალინის მიმართ რეზისტენტული ანაფილაქსური რეაქცია რთული სამართავია, მაგრამ აბსოლუტურად უმეტეს შემთხვევაში დადებითად სრულდება და არ ახლავს ფატალური შედეგი“, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

იგი დარწმუნებულია, რომ ქართველ რეანიმატოლოგთა გამოცდილი გუნდი წარმატებით გაუმკლავდება ამ გამოწვევას.

„წარმოუდგენელი უზნეობაა (სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისგან კი არაპროფესიონალიზმი) ამ სამწუხარო შემთხვევის შესახებ ნიშნის მოგებით საუბარი, რადგან ასეთი იშვიათი გვერდითი ეფექტის თავიდან აცილება პრაქტიკულად შეუძლებელია მასიური ვაქცინაციების დროს. სრული მხარდაჭერა და საუკეთესო სურვილები პაციენტსა და მის ოჯახს“, – წერს ზურაბ გურული.

საქართველოში ვაქცინაცია ამჟამად ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ მიერ ერთობლივად შემუშავებული ვაქცინით მიმდინარეობს, რომლის პირველი პარტია – 43 200 დოზა ქვეყანამ 13 მარტს მიიღო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა 15 მარტიდან დაიწყო.

18 მარტის დილის მონაცემებით, „ატრაზენეკას“ ვაქცინით კოვიდის წინააღმდეგ საქართველოში სულ აცრილია (პირველი დოზა)  ჯანდაცვის სფეროს 3 054 წარმომადგენელი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close