fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთში ახალი „წითელი ზონები“ გაჩნდა – მთავრობა ლოქდაუნს ძალაში ტოვებს

საბერძნეთში ლოქდაუნი, რომელიც 28 თებერვლამდე იყო ძალაში, კიდევ ერთი კვირით გახანგრძლივდება. ამის შესახებ 26 თებერვალს საბერძნეთის მოქალაქის დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასმა განაცხადა.

უფრო მეტიც, მკაცრი შეზღუდვები გავრცელდა ახალ რეგიონზეც. კერძოდ, „წითელ ზონაში“ მოექცა ლევკადა, თესპოტია, სიროსი, სამოსი, კორინთო, არტა, აქაია, არკადია და ამფილოხია.

ხარდალიასის განცხადებით, მკვეთრად გართულდა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ლარისასა და ვოლოსში, რაც შეშფოთებას იწვევს.

მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ შეიზღუდება ქვეყნის სახმელეთო საზღვრებზე მოქალაქეთა გადაადგილება. აქამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტები დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე მუშაობდნენ და თითოეული მათგანი მაქსიმუმ 700 მგზავრის გატარებას უზრუნველყოფდა. მარტის პირველ ნახევარში სასაზღვრო პუნქტები ღია იქნება დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე და მაქსიმუმ 400 მგზავრს მოემსახურება.

მოგზაურს ქვეყანაში შემოსვლის დროს თან უნდა ჰქონდეს სწრაფი ტესტის ჩატარების ცნობა.

საბერძნეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს ბოლო ლოქდაუნი იქნება, თუმცა მისი საბოლოოდ გაუქმების თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.

ამ დროისთვის საბერძნეთში მთლიანობაში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 188 201 შემთხვევა, მათგან 165 718 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ხოლო 6439 პაციენტი გარდაიცვალა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close