როდის დაიწყება COVID-19-ზე ვაქცინაცია საქართველოში
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, იყო მოლაპარაკებები და ვაქცინა ქვეყანაში უკვე უნდა იყოს შემოსული, თუმცა ყველა შეთანხმება ყოველთვის ვერ სრულდება ზუსტ დროში და პროცესმა, სავარაუდოდ, ერთი, მაქსიმუმ 2 კვირით გადაიწია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ვაქცინის მწარმოებლებთან.
„სახელმწიფო ამბობდა, რომ ვაქცინაციის პროცესი თებერვლის ბოლოდან უკვე დაიწყებოდა, თუ პროცესებმა ისე ჩაიარა, როგორც არის დაგეგმილი. სამაგიეროდ, არის ძალიან კარგი ამბები – სხვადასხვა წყაროდან მოხდება ვაქცინის მოწოდება, გარდა „კოვაქსის“ პლატფორმისა, უკვე გაფორმებულია ორმხრივი ხელშეკრულებები „ასტრაზენეკასთან“, შეიძლება დაასწროს „კოვაქსის“ შემოტანას. გრძელდება ხელშეკრულებები, გარდა ამისა, შემოდის ასპარეზზე სხვა მწარმოებელი, რომელსაც არანაკლებად კარგი პროდუქტი აქვს. წლის განმავლობაში უნდა აიცრას მოსახლეობის 60%. მიმაჩნია, რომ ეს წარმატებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაში. ამას დაემატება ის 15%, ვისაც გადატანილი აქვს კოვიდ-ინფექცია“, – აცხადებს ცერცვაძე.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობის 80% ვირუსისადმი იმუნური იქნება, პანდემია საფრთხეს არ წარმოადგენს.
ცერცვაძის შეფასებით, ვაქცინაციის გეგმა ძალიან კარგად არის გაწერილი.
„შერჩეულია ის სამედიცინო პუნქტები, სადაც ვაქცინაცია მოხდება. იმ პერსონალმა, ვინც უნდა ჩაატაროს ვაქცინაცია, გაიარა ყველანაირი ტრეინინგი. ყველაფერი გამართულია იდეალურად. პირველ რიგში, აიცრებიან მედიცინის მუშაკები, შემდეგ – ხანდაზმულები და შემდეგ –
თანმხლები დაავადებების მქონე პირები და სხვა. ივნისის მერე კი მასობრივ ვაქცინაციაზეა ლაპარაკი“, – განაცხადა ცერცვაძემ.
დღეს დილით მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში გასულ ერთ დღეში კორონავირუსის 147 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 607 პაციენტი, ხოლო 12 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 268 502 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 262 244-ს შეადგენს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 447-ია.
ბოლო 24 საათში 5 275 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი – 2736, პისიარტესტი – 2539.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2,79 პროცენტია, ბოლო 14 დღის – 2,6 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,6 პროცენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 318 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1713, კლინიკურ სასტუმროში კი რჩება 207 პირი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები