ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ქართველი კრიმინალები ევროპაში – არსებობს თუ არა ძარცვის „ქართული მეთოდი“?

„ქართული მეთოდი“ – ასე მოიხსენიებს იტალიური მედია ბინების ძარცვის სპეციფიკურ ხელწერას, რომელიც სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში დაკავებულ მძარცველებს ახასიათებდათ.  

თსუ-ს „სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის“ წამყვანი მეცნიერ-თანაშრომელი, სისხლის სამართლისა და კრიმინალოგიის სპეციალისტი გიორგი ღლონტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ძარცვის „ქართულ მეთოდად“ წოდებული სქემა საკუთრივ ქართულად ვერ ჩაითვლება, რადგან ორგანიზებული დანაშაულის ჭრილში ერთნაირი ხელწერაა დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, რომელიც დროთა განმავლობაში თანამედროვე ხდება.

გიორგი ღლონტის თქმით:

  • განსაკუთრებული არაფერია – ისინი მოქმედებენ მდიდარ ქვეყნებში, წინასწარ კარგად გათვლილი სქემითა და ნაკლები კვალის დატოვების გზით;
  • თუკი ქურდების დიდი ნაწილი ძარცვის წინ კარს ამტვრევს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები კარს სპეციალური გასაღებებით, შეუმჩნევლად აღებენ;
  • ჯგუფებში აუცილებლად ჰყავთ სპეციალისტები, რომლებიც რთულ შემთხვევებს იოლად გაუმკლავდებიან;
  • წინასწარ ხდება თითოეული ოჯახის შესწავლა – რა აქვთ სახლში მეპატრონეებს, რამდენი ხნით ტოვებენ ბინას, აქვთ თუ არა დაცვის სისტემა, კეტავენ თუ არა ავტომობილს და ასე შემდეგ;
  • ისინი მოქმედებენ წინასწარი შეკვეთითაც და ხანდახან ისე, რომ შესაძლოა, მოპარული ნივთის ღირებულება თავადაც არ იცოდნენ;
  • აქტიურ კავშირში არიან პოსტსაბჭოთა სხვა ქვეყნების დაჯგუფებებთან, ეხმარებიან ერთმანეთს და იცავენ ქურდული სამყაროსთვის დამახასიათებელ წესებს;
  • 30-40-კაციან ჯგუფებს ჰყავთ ლიდერები, რომლებიც აუცილებლად ე.წ. „ავტორიტეტები“ არიან და ისინი ურთიერთობენ სხვა ჯგუფებთან, ინაწილებენ ტერიტორიებს და ასე შემდეგ.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

  • მილანში მცხოვრები რესპონდენტი – გიორგი, გვეუბნება, რომ ბინების ძარცვის პროცესში ქართველების ჩართულობაზე ადგილობრივები საკმაოდ ხშირად ლაპარაკობენ, ასეთი ფაქტები მასთან თანამშრომლებსაც არაერთხელ უხსენებიათ და ორი თვის წინ ძარცვის ბრალდებით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რაც საქართველოში არ გახმაურებულა.
  • ამჟამად ბოლონიასთან ახლოს მცხოვრები მეორე რესპონდენტი – ნინო გვეუბნება, რომ არ იცნობს, მაგრამ სხვადასხვა დროს არაერთხელ სმენია ბინების ძარცვის პროცესებში ჩართული ქართველების შესახებ, რომლებიც ნაქურდალ ნივთებს ყიდდნენ და წინასწარ შეკვეთებსაც იღებდნენ; თუმცა ამ ფაქტების გამო იტალიელებისგან უარყოფითი დამოკიდებულება არასოდეს უგრძვნია.

იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთსა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის – ჯგუფური ძარცვის გამო, არაერთხელ დაუკავებიათ საქართველოს მოქალაქეები, თუმცა როგორც გიორგი ღლონტი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები რიცხვობრივად აღემატებიან დიდი ქვეყნიდან, მაგალითად, თურქეთიდან თუ არაბული ქვეყნებიდან ჩასულ დამნაშავეებს.

სხვა საკითხია, რომ ორგანიზებული დანაშაული მეტად საფრთხილოა საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის და ინტერესებისთვის, მათ შორის – ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების კუთხითაც. როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ასეთი ფაქტები მეტ საზრდოს აძლევს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სკეპტიკოსებსაც.

გობრონიძე ამბობს, რომ პრობლემაა ქართველების, როგორც დამნაშავეების სტიგმატიზება და შესაძლოა ეს პროცესი გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის ნაწილადაც განვიხილოთ.

შემოკლებული ვერსია. სრულად წაიკითხეთ აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close