პოლიტიკასაქართველო

პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა

ზუსტად 100 წლის წინათ, 1921 წლის 21 თებერვალს საქრთველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ კონსტიტუცია მიიღო, რომლის შემუშავება1918 წლის 26 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების შემდეგ დაიწყო და 3 წელიწადს გაგრძელდა. მართალია, საქართველოს ისტორიაში პირველი კონსტიტუციის მოქმედებამ სულ 4 დღეს გასტანა საბჭოთა ოკუპაციის გამო, მაგრამ მისი მნიშვნელობა მაინც ძალიან დიდია.

საქართველოს პარლამენტში ამ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა გაიმართა, რომელზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დღეს მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა ირაკლი კობახიძემ მოკლედ შეაჯამა საქართველოს კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორია საქართველოში:

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ პირველი ქართული კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს. ზუსტად 100 წლის წინ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლებმა, კონსტიტუციის სახით, ჩვენს ქვეყანას დაუტოვეს უძვირფასესი სამართლებრივი და კულტურული მემკვიდრეობა. პირველი ქართული კონსტიტუცია იყო უაღრესად დახვეწილი და პროგრესული დოკუმენტი, რომელშიც ფართოდ იყო ასახული მაშინდელი ცივილიზებული სამყაროს ღირებულებები და სამართლებრივი აზროვნების მიღწევები. დღეს ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ თითოეული იმ ადამიანის წინაშე, რომელიც პირველი ქართული კონსტიტუციის შექმნაში მონაწილეობდა.

70-წლიანი კომუნისტური დიქტატურის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, საფუძველი დაედო თანამედროვე ქართული კონსტიტუციონალიზმის განვითარებას. 1991 წლიდან საქართველომ კონსტიტუციონალიზმის განვითარების უაღრესად რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა განვლო. 1991-2018 წლებში, ხუთჯერ შეიცვალა სახელმწიფო მმართველობის სისტემა:

– 1991 წელს დანერგილი ფრანგული ტიპის ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა 1992-1995 წლებში დროებითმა ჰიბრიდულმა მოდელმა ჩაანაცვლა;

– 1995 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც საქართველოში ამერიკული ტიპის საპრეზიდენტო მმართველობა ამოქმედდა;

– 2004 წელს, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსული მოდელის მიბაძვით, საქართველოში დაინერგა ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო, ხოლო ფაქტობრივად ე.წ. სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის სისტემა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამკვიდრებას შეუქმნა ნოყიერი ნიადაგი;

– 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, 2013 წლიდან ამოქმედდა ჰიბრიდული, ერთგვარი სუპერსაპრემიერმინისტრო მმართველობის სისტემა, რომელშიც მთავრობის მეთაურის სასარგებლოდ იყო დარღვეული ბალანსი ხელისუფლების განშტოებებს შორის.

1995-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციაში 30-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომელთა უმეტესობა სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი. პირველივე შესწორება, რომელიც პარლამენტმა ქვეყნის ძირითად კანონში შეიტანა, თავისი არსით, არაკონსტიტუციური იყო და საარჩევნო ბარიერის შვიდ პროცენტამდე გაზრდას ითვალისწინებდა. კონსტიტუციის სუბიექტურ ინტერესებზე მორგება, აღნიშნული წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, ფართოდ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა, რამაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული სისტემის განვითარებას უმძიმესი დაღი დაასვა.

2013 წლისათვის საქართველოს ჰქონდა დაუბალანსებელი, როგორც შინაარსობრივი, ისე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, გაუმართავი კონსტიტუცია, რომელიც თვისებრივ გადასინჯვასა და დახვეწას საჭიროებდა.

როგორც მოგეხსენებათ, კონსტიტუციის რეფორმირების საკითხი 2013 წელს დადგა დღის წესრიგში, შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. თუმცა, სუბიექტურ მიზეზთა გამო, კომისიის სამწლიანი მუშაობა სრულიად წარუმატებლად დასრულდა.

2017 წელს ხელახლა შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც საქართველოში ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიის დამკვიდრება დაისახა მიზნად. საკონსტიტუციო რეფორმა სერიოზული წინააღმდეგობებით იყო აღსავსე, რასაც სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს, პოლიტიკური პარტიის თუ საზოგადოებრივი ჯგუფის რადიკალურად განსხვავებული ინტერესები განაპირობებდა:

– კონსტიტუციური ორგანოები, განსაკუთრებით, პრეზიდენტი და მთავრობა დაინტერესებული იყვნენ, არ შეკვეცილიყო მათი კონსტიტუციური უფლებამოსილებები და ძალაუფლება;

– გამოიკვეთა პოლიტიკური პარტიების განსხვავებული სუბიექტური ინტერესები, განსაკუთრებით, მმართველობის სისტემისა და საარჩევნო სისტემის საკითხთა მიმართ;

– მთელ რიგ საკითხებზე, გამოიკვეთა საზოგადოების კონსერვატიულად და ლიბერალურად განწყობილი სეგმენტების განსხვავებული შეხედულებები და ინტერესები;

– პოლიტიკური კონტექსტის თავისებურებათა გამო, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს, სამწუხაროდ, ჰქონდა მინიმალური მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან.

ამ ვითარებაში, საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა უაღრესად რთული ამოცანა იყო, თუმცა მიზანდასახულობამ და პოლიტიკურმა ლავირებამ საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა შესაძლებელი გახადა. შედეგად:

– საქართველოს კონსტიტუცია თვისებრივად დაიხვეწა როგორც შინაარსობრივი, ისე იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით;

– ამოქმედდა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო დემოკრატიის უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან;

– კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებების განაწილების სისტემა დაეფუძნა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს;

– გაძლიერდა საქართველოს პარლამენტი, განსაკუთრებით კი – მისი საზედამხედველო ფუნქციები;

– შემოღებულ იქნა პროპორციული საარჩევნო სისტემა საპარლამენტო არჩევნებისთვის;

– გაძლიერდა პოლიტიკური ოპოზიციის როლი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში;

– განმტკიცდა ადამიანის ძირითადი უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური გარანტიები;

– ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია კონსტიტუციური ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა.  …

დღეს, საქართველოს შეუძლია, სიამაყით განაცხადოს, რომ პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წლის თავზე, ქვეყანას აქვს უმაღლესი ევროპული სტანდარტის კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია დამატებით განამტკიცებს ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში საქართველოს სრულუფლებიან წევრობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილისთვის ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა

„დამოუკიდებელი საქართველოს კანონმდებლის ეს დოკუმენტი თამამად შეიძლება განვიხილოთ მე-20 საუკუნის დასაწყისის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მოწინავე, პროგრესულ და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ უზენაეს საკანონმდებლო აქტად. 1921 წლის კონსტიტუციაში ასახულია იმ პერიოდის დასავლეთ ევროპაში ახლად ჩამოყალიბებული, თუ ჯერ კიდევ თეორიაში არსებული, ყველაზე უფრო პროგრესული სამართლებრივ-პოლიტიკური მოსაზრებები და მიმდინარეობები: მასში გათვალისწინებული საპარლამენტო სისტემა, სიკვდილის დასჯის კონსტიტუციური აკრძალვა, სიტყვის თავისუფლება, საყოველთაო საარჩევნო უფლება (მათ შორის, იმ პერიოდისათვის იშვიათი, ქალისა და მამაკაცის საარჩევნო თანასწორობა), ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის კონსტიტუციური დაკანონება, ე.წ. ჰებეას კორპუსი და მრავალი სხვა, რომლებიც თავისი პროგრესულობით გამოირჩეოდა არა მხოლოდ იმდროინდელ, არამედ თანამედროვე ევროპულ კონსტიტუციებს შორის“, – ასეთია სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარის შეფასება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close