საზოგადოება

„შემძულდა ეგ ბავშვი…“, „ეს ყველას მარცხია“ – 14 წლის გოგონას თვითმკვლელობა: ფაქტები, ვერსიები და რეალობა

ნებისმიერ გახმაურებულ საქმეს თან მოარული ხმები, ვერსიები, დაზუსტებული და დაუზუსტებელი ინფორმაციები, ფაქტები და არგუმენტები ახლავს.

გამონაკლისი არც 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის საქმეა, რომელმაც მთელი საქართველო აალაპარაკა და კიდევ ერთხელ დააფიქრა საზოგადოება, ვინ გაწირა 14 წლის მოზარდი, რომელსაც წინ მომავლი ჰქონდა …

ტრაგედია ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოხდა…„პრაიმტაიმი“ ამ საქმის ირგვლივ გახმაურებული ფაქტების, ვერსიებისა და რეალობის თავმოყრას შეეცადა…

ტრაგედია ქობულეთში – ფაქტები

9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ქაქუთში ბაბუამ 14 წლის გოგო საკუთარ სახლთან ახლოს გარდაცვლილი ნახა. მოზარდი მიწას 13 თებერვალს მიაბარეს.

ნათესავების თქმით, გოგოინას მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა, დედა კი თურქეთში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, მას დედობის უფლება შეზღუდული ჰქონდა.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

11 თებერვალს დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი.

ბრალდებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

ეს მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 9 წლამდე.

კიდევ ერთი ოფიციალური ცნობა 14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე 12 თებერვალს გავრცელდა. პროკურატურამ ახალგაზრდა მამაკაცს ორი მუხლით წარუდგინა ბრალდება – 115-ე და 140-ე მუხლებით.

პროკურატურისგანცხადებით, ბრალდებულმა არასრულწლოვანი მოატყუა და გოგონას ღირსება შელახა.

ბრალდებულმა ნიკა ტაკიძემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნინი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყვიტა.

მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნინიმ 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“,- აცხადებენ უწყებაში.

15 თებერვალს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, აგრეთვე,  დააკავეს გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის ბაბუა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარა და ძალადობა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული ბაბუა ფიქრობს, რომ 14 წლის ნინიმ „სირცხვილი თვითმკვლელობით ჩამოირეცხა“, დაუცველმა გოგომ სიცოცხლე თავისი გადაწყვეტილებით დაასრულა…

ეს ის მწარე რეალობაა, რომელშიც ვცხოვრობთ…

ვერსიები

გარდაცვლილის ბაბუის ინფორმაციით, მოზარდზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ მათ პოლიციას ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში შეატყობინეს.

გოგო პოლიციაში გამოკითხეს და, სავარაუდოდ, დაიწყო გამოძიება, რადგან ბაბუის ინფორმაციით, მოზარდს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის პასუხმაც, მისივე თქმით, დაიგვიანა.

ნათესავების ცნობით, 23 წლის კაცმა გოგოზე ორჯერ, გასული წლის ზაფხულში და შემდეგ – დეკემბრის დასაწყისში იძალადა. მათი თქმით, გოგომ ძალადობის შესახებ ოჯახს 9 დეკემბერს შეატყობინა.

გოგოს ნათესავები ბრალდებულ კაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, თუმცა დაკავებული კაცის მშობლები ძალადობის ვერსიას გამორიცხავენ და გოგოს ბაბუას ძალადობაში თავად ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების დროს, ბაბუა შვილიშვილზე სისტემატურად ძალადობდა.

ბრალდებული ბიჭის მამა ამბობს, რომ მისი შვილი გოგონაზე დაქორწინებას აპირებდა, თუმცა, მისი თქმით, მოზარდის ოჯახისგან ამ შეთავაზებაზე უარი მიიღეს.

თურქეთიდან შვილის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე ჩამოსული დედა ამბობს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებული იყო, თუმცა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შვილი „იძულებული გახდა“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.

„ჩემი შვილი იძულებული გახდა, იმიტომ რომ წინა დღით ვიღაცისთვის უთქვამს, დავიღალე, რატომ გაგრძელდა ეს საქმე ასეო. დედიკოსთან მინდა წასვლაო, ეხვეწებოდა სოცმუშაკს, რომ დროზე მორჩეს ეს საქმე, რომ დედიკოსთან მინდა წასვლაო“, – ამბობს მერი რომანაძე-ცეცხლაძე.

გარდა ამისა, ის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მისი შვილის ამბავი სანათესავო წრეში გახმაურდა, გოგონაზე ფიზიკურად იძალადეს ნათესავებმა და ბაბუამ.

„როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, უმოწყალოდ სცემეს ჩემი მამამთილის ძმისშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს, ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“,- აცხადებდა დედა.

მერი რომანაძე ასევე ამტკიცებს, რომ მის შვილზე ბაბუა ძალადობდა და მან გაუპატიურების დღესაც სცემა ბავშვი.

„ბაბუა ძალადობდა ჩემს შვილზე. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე. მითხრა, რომ ნასვამი შემოვიდა ჩემს ოთახში, მე მეძინა და თავზე დამახტა და ცემა დამიწყოო…გაუპატიურების დღეს სცემა უმოწყალოდ“, – ამბობს მერი რომანაძე.

დედის ვერსიას მისი შვილი, გარდაცვლილის უფროსი ძმა არ ეთანხმება. მეტიც – ძალადობაში ის დედას ადანაშაულებს და ბავშვობის ტრავმებზე საუბრობს. სულიკო ცეცხლაძე უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.

დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. ნინაზე არ უძალადია არც ბაბუას და არც ბიძებს.

დედაჩემი რომ ამდენს ლაპარაკობს, ყველაფერი არის პირიქით, თავს ვერ ვიპარსავ, იმდენი შრამი  დედასგან მიყენებული, ვერ დავითვლი”, – განაცხადა გარდაცვლილის ძმამ.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუის ძმისშვილი ამბობს, რომ მას ბავშვი შეძულდა და მასთან კონტაქტი არ ჰქონია.

„შემძულდა ეგ ბავშვი. სიბილწე ჩაიდინა. გვერდით ვედექით მაგ ოჯახს. ბაბუა ამდენს როგორ შეძლებდა. არა, არ შევხებივარ, ბავშვი არ მინახავს. ვუთხარი ეგ ყველაფერი პოლიციას, რაც გითხარით თქვენ.(პოლიციაში მკითხეს) თუ შეეხე ხელითო, არა-მეთქი. რომ გავიგე, გავიგე ქალებიდან, მე იქ არ ჩავსულვარ, შემძულდა-მეთქი ეს ბავშვი“, – ამბობს ნათესავი.

იმასაც ამბობენ, რომ სოციალურმა მუშაკმა თავისი მოვალეობა ვერ შეასრულა და უწყებას აკრიტიკებენ.

სოციალური მუშაკი, რომელიც მოზარდთან მუშაობდა, ამ ვერსიას არ ეთანხმება და საზოგადოებას მიმართავს:

„ბოლო დღეებში ბევრი ცილისმწამებლური და დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა… მინდა, მივმართო მშობლებს, რომ შეცდომები ჯერ საკუთარ თავში ვეძიოთ და მერე სხვასთან“.

ვესწრებოდი ნინის გამოკითხვებს, როგორც საპროცესო წარმომადგენელი. ნინი ჩემთან ერთად აძლევდა ჩვენებას გამომძიებელს.

ამბობდა, რომ 2020 წლის ივნისში გაიცნო ბიჭი, რომელსაც ნოემბერში შეხვდა… პერსონალური მონაცემების გამო არ შემიძლია სრულად აღვწერო, თუმცა გეტყვით, რომ ნინი მშვიდად ჰყვებოდა ამ ბიჭთან მიმოწერის დეტალებს, რას ჰპირდებოდა ის, შემდეგ როგორ ვეღარ ახერხებდა კონტაქტს და როგორ იგრძნო თავი მოტყუებულად. ნინი ამბობდა, რომ ამ ბიჭთან ოჯახის შექმნა სურდა, ეს დაპირება მიიღო და შემდეგ მოატყუეს. ნინის პოზიცია იყო ბიჭის დასჯა. მისივე თქმით, მას 4 დეკემბრის შემდეგ არავითარი კავშირი ბრალდებულთან აღარ ჰქონია.

ნინის ამ აღწერის დროს არ უხსენებია ძალადობა, მათ შორის, ოჯახში ძალადობა. გარეგნულად მას არ ეტყობოდა არანაირი ფიზიკური ძალადობის კვალი. მე ვაკვირდებოდი მის საუბარს. ნინის არ ეტყობოდა შფოთვა, ტირილის მცდელობა, ღელვა, ქაოსური საუბარი, ან სხვა რაიმე ისეთი ფაქტორი, რასაც საგანგაშოდ მივიჩნევდი. ჩვენების მიცემის შემდეგ ცალკე ვესაუბრე და შევთავაზე ფსიქოლოგთან შეხვედრა, ასევე სხვა ოჯახში მინდობით გადაყვანა, თუკი ოჯახში კარგად არ გრძნობდა თავს, მაგრამ ნინის არ სურდა სხვაგან წასვლა, ფსიქოლოგზეც უარი მითხრა.

ბაბუას ჩემთან ვიზიტის დროს არ დაუფიქსირებია მსგავსი მოსაზრება, არ ჰქონია ისეთი ქცევა, რაც მაფიქრებინებდა ძალადობაზე. ის წუხდა ამ მდგომარეობის გამო და ამას გამოხატავდა. ნინის უნდოდა დედასთან თურქეთში წასვლა, მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო დედის საქართველოში ჩამოსვლა. ნინიმ მითხრა, რომ ამის შესახებ დედას „მესინჯერში“ მისწერა, თუმცა მე ის არ დამკავშირებია. ნინი უკავშირდებოდა დედას. როგორც ვიცი, დედას არ უცდია შვილთან კომუნიკაცია.

დედობის უფლება მას შეზღუდული ჰქონდა მხოლოდ წარმომადგენლობა, რომლის აღდგენა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, თუკი ის საქართველოში დაბრუნდებოდა.

არავის ჰქონდა უფლება, მისთვის შვილების ნახვის უფლება შეეზღუდა, მაგრამ 11 წელი ის ფიზიკურად საქართველოში არ ჩამოსულა“, – განაცხადა თამარ ღუნაშვილმა.

თავად დედა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ მას შვილთან კონტაქტი ყოველთვის არ ჰქონდა და სოციალური მუშაკის რეკომენდაცია მოზარდის დედასთან გაგზავნა იყო.

„შვილთან ყოველთვის არ მქონდა კონტაქტი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ბაბუა ფიზიკურად არ ძალადობდა. მაგრამ ჩემი ყოფილი მამამთილი როდესაც ალკოჰოლს მიიღებდა, იცვლებოდა. ნერვიული ადამიანი არის. 15 წელი მაგ ოჯახში ვიცხოვრე. 14 წლის გამათხოვა მამაჩემმა ქორწილით. როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, ჩუმად მეკონტაქტებოდა. მაწვდიდა ინფორმაციას, იმიტომ, რომ სოცმუშაკმა მერე გადაწყვიტა, რომ გამოეგზავნათ ჩემთან თურქეთში.

მე ეს ამბავი მაშინ გავიგე, როცა ოჯახმა გაიგო და პოლიციაში განაცხადეს. მერე დამირეკეს თურქეთში. მერე გადაწყვიტა ჩემმა მამამთილმა, რომ დედამისთან წავიდეს, რადგან შეგვარცხვინა და აქ ვეღარ იცხოვრებს ამ სოფელშიო. ამიტომ ჰქონდა კონტაქტი ჩემს შვილს ჩემთან, სოცმუშაკი ეუბნებოდა, დედას ყველა ინფორმაცია მიაწოდეო“,– ამბობს დედა

რეალობა

პროკურატურამ 23 წლის მამაკაცსა და 76 წლის ბაბუას ბრალდება ოფიციალურად წაუყენა. ახლა სასამართლო გადაწყვეტს მათ განაჩენს.

#ნინისგამო – „ქალთა მოძრაობამ“ 100-დღიანი კამპანია დაიწყო.

პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები ქალთა უფლებების დაცვასა და სახელმწიფოს მხრიდან მეტ გააქტიურებაზე ალაპარაკდნენ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ტრაგედიას პარლამენტის ტრიბუნიდან ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ტრაგიკული მოვლენა ყველას მარცხია. მისი თქმით, ამ ფაქტზე ლაპარაკისას არავის აქვს თავის მართლების მორალური უფლება.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ამ ფაქტზე პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება, აქ, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხიმგებლობა და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ამიტომ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა, სკოლამ, საზოგადოებამ, ოჯახმაც, მაგრამ უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაერო 14 წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი გარემოებების სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვს.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close