მედიცინა

რა ფერია და როგორ გამოიყურება რეალურად კორონავირუსი?

ერთი წლის წინათ დიდი უმრავლესობისთვის სრულიად უცნობი სიტყვა „კორონავირუსი“ დღეს ლამის ყველაზე ხშირად ისმის. მის გამოსახულებას სულ სხვადასხვა ფერში და სხვადასხვა სახით წარმოადგენენ, მაგრამ რეალურად როგორია ვირუსი? – რა ფერი, ფორმა და ზომა აქვს მის მოლეკულას?

„კორონავირუსის ნამდვილი ფერებია შავი და თეთრი“, – განმარტავს ფრანგი მეცნიერი, სოციალური მეცნიერებების უმაღლესი სკოლის პროფესორი ანდრე გიუნტერი და დასძენს, რომ ეს პირობითია, რამდენადაც კორონავირუს SARS-CoV-2-ის მოლეკულა სინათლის ტალღის სიგრძეზე პატარაა. ამის შესახებ „ლე პარიზიენი“ წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

მეცნიერის თქმით, ფორმის მხრივ ის ერთგვარი ბურთისებრი მტევნის მსგავსია.

იგი ამბობს, რომ როდესაც ვირუსის მოლეკულას გამოსახავენ, ფერებს პირობითად იყენებენ დეტალების ვიზუალურად გასაცალკევებლად: „ისეთ ფერებს, როგორიცაა: წითელი, ყვითელი, ლურჯი ან ვარდისფერი – იყენებენ იმისათვის, რომ უკეთ გაარჩიონ დეტალები. იგივე შეიძლება ითქვას სამგანზომილებიან გამოსახულებაზე“, – განმარტავს გიუნტერი.

კორონავირუსის ფოტოგამოსახულება

Worldmeter.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის (17.02.2021, 21:00 სთ თბილისის დროით)  მსოფლიო მასშტაბით დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 110 მილიონზე მეტი  (110203419) შემთხვევა; მათგან გარდაიცვალა 2 433 929, გამოჯანმრთელდა 85 006 273 პაციენტი.

ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში (28 387 105), ინდოეთში (10949301), ბრაზილიაში (9 921 981), რუსეთში (4 112 151), დიდ ბრიტანეთში (4 071 185); ევროკავშირში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობით საფრანგეთი ლიდერობს (4 071 185), შემდეგ მოდის ესპანეთი (3 096 343) და იტალია (2 751 657)

საქართველო ამ ჩამონათვალში 49-ე ადგილს იკავებს 266 948 შემთხვევით. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილია 3 390 კოვიდპაციენტი (1,27%), გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 259 727-ს აღწევს (97,4%).

დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 16-17 თებერვლის 24 საათში ინფიცირების 486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 პაციენტი გარდაიცვალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close