იტალიაპოლიტიკა

იტალიის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო. კონტემ დრაგის ზარი გადასცა (ვიდეო)

შექმნის თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე საკუთარ პარტიას?

დღეს იტალიაში მარიო დრაგის ახალმა მთავრობამ კვირინალეს სასახლეში ფიცი დადო

იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა და მისმა 23-მა მინისტრმა რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას წინაშე ფიცის შემდეგი ფორმულა წარმოთქვეს:

„ვფიცავ, რომ ვიქნები რესპუბლიკის ერთგული, განუხრელად დავიცავ მის კონსტიტუციას და კანონებს და შევასრულებ ჩემს ფუნქციებს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ინტერესებისთვის“.

ახალი სამთავრობო კაბინეტი. კვირინალეს სასახლე, რომი ,13 თებერვალი, 2021. ROBERTO MONALDO/LAPRESSE/POOL/ANSA

კვირინალეს სასახლეში ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ახალი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი კიჯის სასახლეში გაემართა (კიჯის სასახლე რომში – Palazzo Chigi – რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენს).

კიჯის სასახლეში აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ თავის ახალ კოლეგას ზარი გადასცა. ზარის გადაცემის ტრადიციული ცერემონიის  შემდეგ ახალმა პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად მიიღო მთავრობის მეთაურის უფლებამოსილება.

როგორც ცნობილია, ახალ მინისტრთა კაბინეტში 23 წევრიდან 7 – ძველი, კონტეს მთავრობის მინისტრია (მათ შორის არიან: ლუიჯი დი მაიო – საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუჩანა ლამორჯეზე – შინაგან საქმეთა მინისტრი, რობერტო სპერანცა – ჯანდაცვის მინისტრი და დარიო ფრანჩესკინი – კულტურის მინისტრი); მინისტრთა მესამედი – 8 მინისტრი ქალია, 15 – მამაკაცი.

ახალი მინისტრთა კაბინეტი, პრაქტიკულად, ყველა ძირითადი პარტიის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული – პარტიული მინისტრების რაოდენობა15-ია, 8 მინისტრი კი უპარტიო, ე. წ. ტექნიკური სპეციალისტია.

ახალ მთავრობას, კანონის თანახმად, პარლამენტის ორივე პალატამ – დეპუტატთა (ქვედა) პალატამ და სენატმა (ზედა პალატა) უნდა გამოუცხადოს ნდობა. ნდობის ვოტუმის კენჭისყრა პარლამენტში მომავალ კვირაში, 17-18 თებერვალს გაიმართება.

წინა კვირაში გამართული კონსულტაციების დროს მარიო დრაგის თითქმის ყველა ძირითადმა პარტიამ აღუთქვა მხარდაჭერა (ჯორჯა მელონის „იტალიის ძმების“ გარდა), შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ პარლამენტში ნდობის ვოტუმის მიღება ახალ სამთავრობო გუნდს არ გაუჭირდება.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე მქუხარე აპლოდისმენტებით გააცილეს.

რით დაკავდება უპარტიო ადვოკატი, სამართლის პროფესორი კონტე, რომელიც 2018 წლის ივლისში დაინიშნა მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე, როგორც 2018 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „5 ვარსკვლავის მოძრაობისა“ და „ლიგის“ კოალიციური მთავრობის კომპრომისული კანდიდატი? გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას თუ თავის პროფესიულ სფეროს დაუბრუნდება – ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ექსპერტების თქმით, მას საკმაოდ მრავალრიცხოვანი მომხრე ჰყავს და თუ საკუთარი პარტიის შექმნას გადაწყვეტს, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 10%-ს მაინც მიიღებს.

იტალიის ახალი „მრავალპარტიული“ მთავრობა თავისი უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან, 13 თებერვლიდან შეუდგა – რამდენად ეფექტიანად, ამას მომავალი გვიჩვენებს. 

ნინო ხოშტარია

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close