fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალია, მარიო დრაგის მთავრობა: 23 მინისტრი, 8 ქალი და 15 კაცი

ახალი სამთავრობო კაბინეტის წევრები ფიცს 13 თებერვალს, დღის 12 საათზე დადებენ

იტალიის ბანკის და ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, 73 წლის მარიო დრაგიმ პრეზიდენტ მატარელას მიერ მიცემული დავალება 10 დღეში შეასრულა: კონსულტაციების შედეგად ძირითადი პარტიების მხარდაჭერის პირობა მიიღო და ახალი სამთავრობო კაბინეტიც შეკრიბა – თავისი მინისტრების სია მან პარასკევს საღამოს, 12 თებერვალს, კვირინალეს სასახლეში სტუმრობისას პრეზიდენტ მატარელას გააცნო. ამის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიის გენერალურმა მდივანმა უგო ძამპეტიმ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა წარდგენილ სიას ხელი მოაწერა. უგო ძამპეტის გამოსვლა სახელმწიფო ტელევიზიის – Rai-ს პირდაპირ ეთერში გადაიცა.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში წამყვანი პოსტები – საგარეო საქმეთა მინისტრის და შს მინისტრის – შეინარჩუნეს, შესაბამისად, ლუიჯი დი მაიომ და ლუჩანა ლამორჯეზემ.

ამასთან, თავდაცვის მინისტრი ისევ ლორენცო გუერინი იქნება, რობერტო სპერანცა ჯანდაცვის უწყების მეთაურის თანამდებობას შეინარჩუნებს, დარიო ფრანჩესკინი კი კულტურის მინისტრის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას.

იუსტიციის მინისტრის პორტფელი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ მარტა კარტაბიამ მიიღო.

იტალიის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს ქვეყნის ცენტრალური ბანკის, Bankitalia-ს გენერალური დირექტორი დანიელე ფრანკო უხელმძღვანელებს.

იტალიის მთავრობაში ახალი სტრუქტურაა – ეკოლოგიური გადასვლის სამინისტრო, რომლის მეთაურიც ფიზიკოსი, სალენტოს უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი რობერტო ჩინგოლანი იქნება.

იტალიის მთავრობაში მნიშვნელოვანი, მინისტრთა საბჭოს მდივნის პოსტი  ყოფილმა მოსამართლემ და ფინანსთა სამინისტროს ფუნქციონერმა რობერტო გაროფოლიმ დაიკავა.

ენრიკო ჯოვანინი, სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის – Istat-ის ყოფილი დირექტორი, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩაიბარებს.

ახალი მთავრობა ფიცს შაბათს, 13 თებერვალს, დღის 12 საათზე დადებს კვირინალეს საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც მას უფლებამოსილება მიენიჭება.

შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ და მისმა მთავრობამ უნდა მოიპოვონ ნდობის ვოტუმი პარლამენტის ორივე პალატაში, რაც, სავარაუდოდ, პრობლემა არ იქნება, რადგან კონსულტაციების შედეგად დრაგის ძირითადმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ახალ მთავრობაში, რომელშიც 23 მინისტრია, შევიდნენ როგორ უპარტიო ტექნიკური სპეციალისტები, ისე იმ პოლიტიკური წრეების ფართო სპექტრის წარმომადგენლები, რომლებიც ახალ მთავრობას მხარს უჭერენ.

დრაგის სამთავრობო კაბინეტში 4 მინისტრი „5 ვარსკვლავის მოძრაობიდანაა“ (M5S), 3-3 – დემოკრატიული პარტიიდან, ბერლუსკონის Forza Italia-დან და სალვინის Lega-დან; ერთი – LEU-დან და ერთი – მატეო რენცის Italia Viva-დან. 8 მინისტრი, როგორც აღვნიშნეთ, უპარტიო „ტექნოკრატია“, მათ შორის, შს მინისტრი ლუჩანა ლამორჯეზე.

ახალი მთავრობის 23 მინისტრიდან 8 ქალია, 15 – მამაკაცი. მთავრობაში 7 მინისტრი კონტეს მთავრობიდანაა, 16 კი – ახალია.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close