მსოფლიოსაზოგადოება

„პორნოს მეფე” ლარი ფლინტი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ლარი ფლინტი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

ლარი ფლინტი პორნოინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სკანდალური წარმომადგენელი იყო. მან 1974 წელს გამოსცა Hustler-ის პირველი ნომერი, ორი წლის შემდეგ კი დააარსა კომპანია Larry Flynt Publications. ლარი ფლინტი იყო არაერთი სტრიპტიზკლუბის მფლობელი, გამოსცემდა პორნოჟურნალებს, უშვებდა პორნოფილმებს, 2000 წლიდან ფლობდა კაზინოს ლოს-ანჯელესის გარეუბანში, სექსსათამაშოების ინტერნეტმაღაზიებს და სხვა.

მილოშ ფორმანს მის შესახებ აქვს გადაღებული ფილმი „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ. ფილმმა, რომელიც ბიოგრაფიული ხასიათისაა და რომელშიც ლარი ფლინტი მოსამართლის როლს ასრულებს, არაერთი ჯილდო მოიპოვა.

ლარი ფლინტის წინააღმდეგ არაერთი სასამართლო პროცესი იმართებოდა. მას პორნოგრაფიის შეზღუდვის მომხრეები და ჟურნალში შიშველ პოზაში გამოქვეყნებული პირები უჩიოდნენ, ლარი ფლინტის ადვოკატები კი მუდმივად კონსტიტუციის პირველ შესწორებაზე აპელირებდნენ. 1978 წლიდან იგი ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა. მას და მის ადვოკატს სასამართლოს შენობიდან გამოსვლისას ესროლა სერიულმა მკვლელმა, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, რომ ის, თეთრი რასის უპირატესობის თავგადაკლული მომხრე, Hustler-ში თეთრ და სხვა რასის წარმომადგენელთა შორის გამოქვეყნებულმა ფოტოსესიამ აღაშფოთა.

ლარი ფლინტი მილიონერი გახდა პაპარაცისგან პლაჟზე შიშვლად მყოფი ჟაკლინ კენედი-ონასისის ფოტოს 18 000 დოლარად ყიდვის და ამ ფოტოს Hustler-ში გამოქვეყნებით. ნომერმა გამოსვლისთანავე მიიპყრო ყურადღება და პირველი მილიონი ეგზემპლარის გაყიდვას სულ რამდენიმე დღე დასჭირდა.

ლარი ფლინტმა 1984 წელს პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება სცადა, 2003 წელს კი კალიფორნიის გუბერნატორის არჩევნებში იყრიდა კენჭს. 1998 წელს კლინტონის იმპიჩმენტის პროცედურის დროს მისი მხარდამჭერი იყო და 1 მლნ დოლარი ჯილდო ჰქონდა დაწესებული მისთვის, ვინც მას რესპუბლიკელთა მამხილებელ სექსუალური ხასიათის მასალას მიაწვდიდა. მის მიერ მოპოვებულ მასალას წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გადადგომა მოჰყვა.

2012 წელს ფლინტმა კვლავ დააწესა 1 მლნ დოლარი ჯილდო. ამჯერად მისთვის, ვინც რესპუბლიკელთა პრეზიდენტობის კანდიდატ მიტ რომნის დეკლარაციებში არაღნუსხული შემოსავლების შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას.

2017 წელს ლარი ფლინტმა განაცხადა, რომ 10 მლნ დოლარს გაიღებდა ნებისმიერ მასალაში, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას გამოიწვევდა.

სკანდალურად ცნობილი ლარი ფლინტი ზოგჯერ მოულოდნელი ქმედებით აკვირვებდა საზოგადოებას. 2003 წელს მან განაცხადა, რომ შეიძინა ერაყში ტყვეობიდან სპეცოპერაციის შედეგად დახსნილი და პრესის მიერ გმირად შერაცხული ამერიკელი რიგითი ჯარისკაცის, ჯესიკა ლინჩის ერაყში გამგზავრებამდე გადაღებული ფოტოები, რომლებზედაც, როგორც ამბობდნენ, ჯესიკა წელსზემოთ შიშველი, ორ მამაკაცთან ერთად იყო გადაღებული და ამ ფოტოებს არასდროს არ გამოაქვეყნებდა, რადგან ჯესიკა არის „კარგი პატარა“, რომელიც მთავრობამ პაიკად აქცია.

ლარი ფლინტი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიოდა. წინააღმდეგი იყო ამერიკის ერაყში შეჭრის და აქტიურად აქვეყნებდა ომის საწინააღმდეგო მასალას. მის მიერ დაარსებული კერძო ფონდი აფინანსებს ზურგის ტვინის ტრავმების კვლევებს და ბავშვებისადმი სასტიკი მოპყრობის და ახალგაზრდებს შორის ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას.

ლარი ფლინტი 5-ჯერ იყო დაქორწინებული. მისი მეოთხე ცოლი ალთეა ლიზერი იყო. მან 1971 წელს, 17 წლის ასაკში დაიწყო მოცეკვავედ მუშაობა ფლინტის ერთ-ერთ კლუბში. 1976 წელს ლარი და ალთეა დაქორწინდნენ. 1983 წელს ალთეას შიდსი აღმოაჩნდა. ფლინტმა მაშინ განაცხადა, რომ ნარკოტიკებისთვის (თავდასხმის შემდეგ ფლინტი ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იღებდა, ალთეამ რამდენჯერმე გასინჯა და მალე ნარკოდამოკიდებული გახდა) ალთეა ყოველთვის სუფთა ნემსს ხმარობდა და მისი შიდსით დაავადება საშვილოსნოს ამოკვეთის დროს შიდსზე შეუმოწმებელი სისხლის გადასხმის შედეგი იყო. 1987 წელს, ნარკოტიკის დიდი დოზის მიღების შემდეგ, ალთეა აბაზანაში დაიხრჩო.

მეხუთედ ლარი ფლინტმა 1998 წელს იქორწინა. ამჯერად თავის ყოფილ ექთანზე. იმავე წელს მას უფროსმა ქალიშვილმა, ანტიპორნო აქტივისტმა უჩივლა. იგი ამტკიცებდა, რომ როდესაც პატარა იყო, ლარიმ მასზე სექსუალურად იძალადა. ლარი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ გავლილი ჰქონდა შემოწმება სიცრუის დეტექტორზე. მოგვიანებით ლარიმ განაცხადა, რომ უფროსმა ქალიშვილმა მასთან საუბარში ფულის გამოძალვის მიზნით მისი მაკომპრეტირებელი ისტორიის შეთხზვა აღიარა და ამის შესახებ ჩანაწერი აქვს.

ლარი ფლინტი 4 ქალიშვილის და ვაჟის მამა იყო. უფროსი ქალიშვილი, რომელმაც მას უჩივლა, ლარიმ მემკვიდრეობის გარეშე დატოვა. ლარის ერთი ქალიშვილი 2014 წელს, 47 წლის ასაკში, ავტოკატასტროფის დროს დაიღუპა.

ლარი ფლინტის ავტორობით ხუთი წიგნია გამოცემული.

ამერიკული პრესის თქმით, გარდაცვალების მომენტში ლარი ფლინტის ქონების ღირებულება 500 მლნ დოლარი იყო.

ipress.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close