კინო/ფილმები

30 წლის შემდეგ პირველად „ბერლინალეს“ მთავარ კონკურსში სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი მოხვდა (ვიდეო)

30 წლის შემდეგ პირველად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმი მოხვდა.

ალექსანდრე კობერიძის ფილმი „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ 11 თებერვალს „ბერლინალეს“ დირექტორმა კარლო შატრიანმა წარადგინა და ის „ოქროს დათვის“ პრეტენდენტთა იმ 15 ფილმს შორის არის, რომლებიც კინოფესტივალის მთავარი ჯილდოსთვის იბრძოლებენ.

ალექსანდრე კობერიძეს ფილმის პრემიერა სწორედ ბერლინის მთავარ საკონკურსო სექციაში შედგება.

ფილმი საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა. მთავარ როლებს ასრულებენ გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე. ფილმის გადაღებები ქუთაისში მიმდინარეობდა.

2018 წელს კობერიძის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ნამუშევარმა „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხული“ საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის კატეგორიაში გერმანელ კინოკრიტიკოსთა ჯილდო მიიღო.

ბერლინის კინოფესტივალზე ასევე ნაჩვენები იქნება კიდევ ერთი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი, სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი „მოთვინიერება“. ის შვეიცარია-გერმანია-საქართველოს კოპროდუქციაა და „Berlinale Forum“-ის სექციაშია წარდგენილი. „მოთვინიერების“ პრემიერა უკვე შედგა „სანდენსის“ კინოფესტივალზე. ორივე ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

ბოლოს „ბერლინალეს“ ძირითად კონკურსში საქართველოდან წარდგენილი იყო თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“, რომელსაც 1993 წელს  ნომინაციაზე „საუკეთესო რეჟისურისთვის“ „ვერცხლის დათვი“ გადაეცა.

პანდემიის გამო, ბერლინის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ჩვეული ფორმატით არ გაიმართება. 1-5 მარტს მოეწყობა ევროპული კინოს ვირტუალური ბაზრობა Industry Event, ხოლო 9-20 ივნისს ზაფხულის გამოშვების (Summer Special) ფარგლებში ნაჩვენები იქნება ფესტივალის მიერ შერჩეული ფილმები.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენაა, რომელიც კანისა და ვენეციის კინოფესტივალებთან ერთად, ევროპის წამყვან კინოფესტივალთა სამეულში შედის.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close