fbpx
ქართველები უცხოეთშიკულტურა

სუნამოების პრინცი – PRINCE MATCHABELLI

„ემიგრანტებს დიდი გასაჭირი მოგველის, გაჭირვებული და მშიერი უცხოეთში ვერც ღირსებას შეინახავს და ვერც ქვეყნისთვის იმუშავებს პოლიტიკურად. ამიტომ მთელ ჩემს ენერგიას დავხარჯავ, რომ ამერიკაში სიმდიდრე შევიძინო და ეს ბოლოს გამოგვადგება დამოუკიდებელი საქმიანობისათვის“

„ზღაპრიდან მოსული პრინცი“, – წერდა 20-იანი წლების ამერიკული პრესა ჯორჯ მაჩაბელზე. იმ არისტოკრატზე, რომელიც ნიუიორკელებს იტალიელი ჯენტლმენი ეგონათ… „იტალიელი? – არა ბატონო, მე ქართველი გახლავართ!“ – მოკრძალებით იტყოდა თურმე სევდიანი ღიმილით. არსებობს სინამდვილე და მითები გიორგი მაჩაბელზე, თუმცა ისტორიულ მახსოვრობაში ახლაც ძნელია მათი განცალკევება. 

„ძველი ქართველი არისტოკრატი და განათლებით ევროპელი“, – მასზე დაუწერია მიხაკო წერეთელს, გრიგოლ რობაქიძეს კი უთქვამს: „გიორგი ათას საბანში რომ ჩაახვიო და სადმე დამალო, ვინც იქ მივა, მაშინვე შეიტყობს: აქ საქართველოს სურნელიაო…“ გიორგი ივანე მაჩაბლის ძმისშვილი იყო და „ვისაც ორივე ენახა, პირწავარდნილ მსგავსებას ხედავდნენ მათში“.

ამერიკაში „ქალებს თავზე სამეფო გვირგვინები დაადგა პრინცმა, რომელიც  საქართველოდანაა, ერთი კეთილი და წარჩინებული ოჯახიდან…“,- იწერებოდა პრესა მისტერ მაჩაბელზე, რომელმაც თავისი პარფიუმერული ბრენდით შოკში ჩააგდო ამერიკული ელიტა. 1926 წელს სუნამოების კლასიკური ხაზი – Prince Matchabelli არისტოკრატებისთვის შექმნა და, გლამურული ცხოვრებით განებივრებულებს, შესთავაზა აღმოსავლური მისტიკით შეფერილი სურნელი, არასტანდარტული ნოტების გამა… და ეს მდიდარი არომატები უყვარდებოდათ.

Queen of Georgia,  Princess Norina, Ave Maria, Duchess of York, Wind Song, Golden Autumn – ეს სუნამოები შეფუთული იყო მაჩაბლების საგვარეულო გერბის გვირგვინების რეტრო დიზაინითა და ოქროს დეტალებით… Prince Matchabelli-ს პარფიუმის ფლაკონები ერთ სტილშია, – ყველას გვირგვინის ფორმა აქვს, ჯერ გერმანული ფაიფურისაგან, შემდეგ კი ამერიკაში ქართველი მრეწველის, ჯორჯ კობის, იგივე გრიგოლ კობახიძის კომპანიაში უკვე მინისგან ამზადებდნენ. რატომ აირჩია ბრენდის ემბლემად გვირგვინები? ეს ლეგენდარული გვირგვინები ქართული ჯვრებით, თავადი მაჩაბლისთვის იყო სამშობლოს სიმბოლო, ყველაზე ძვირფასი რელიკვია, რომელიც თავისი არსით საკრალურ მნიშვნელობასაც იძენდა. NY-ში ეს ბევრმა არც იცოდა… გივი კობახიძე წერდა: „გვირგვინისებრი მოყვანილობის ფლაკონების დაპროექტებაში გიორგიმ გამოავლინა ნამდვილი გენიოსობა… ეს მიგნება – მაჩაბლების საგვარეულო გერბზე გამოსახული სამეფო ოქროსვარაყიანი გვირგვინის გამოყენება-გაფორმებაში იღბლიანი აღმოჩნდა…“

Madison Avenue-ზე 1924 წელს გიორგი მაჩაბელმა გახსნა ანტიკვარული სალონი „წითელი და შავი“, მოგვიანებით აქ იყიდება სუნამოების კლასიკური ხაზი Prince Matchabelli. და მაინც, Prince Matchabelli იყო ნოვაცია 20-30-იანი წლების ამერიკაში, ამერიკულ სილამაზეს აღმოსავლური სურნელი მისცა. მეტიც, 1926 წელს დაარსებული პარფიუმერული კომპანია Prince Matchabelli, რომელიც მილიონიან ბიზნესად იქცა, 1920-1930-იან წლებში ამერიკის 5 ლიდერ კომპანიას შორის დასახელდა. ასე რომ, ნიუ-იორკს პირველად ქართველმა თავადმა შეუქმნა პარფიუმერული ბრენდი Prince Matchabelli. ბუნებრივი ექსტრაქტები + რომანტიკა + ეგზოტიკა = ხელოვნება. თითქმის ასეთი იყო პარფიუმერის თეორიული ფორმულები, როცა სენსუალური სუნამოების კლასიკურ ხაზზე მუშაობდა. მისივე ხელწერა იყო ამ ექსპერიმენტული „ხელოვნების“ ეტიკეტები და… საგაზეთო რეკლამებიც:

NY-ის სალონური შეხვედრები… საღამოს ხმაურიანი წვეულებები… ჯორჯ მაჩაბელი ყველასთვის სასურველ სტუმრად ითვლება, უამრავი ლედი ტრიალებს მის გარშემო… ყველა მოხიბლული რჩება მისი გალანტურობით, არც მალავენ, მაგრამ იციან, რომ ქართველი ჯენტლმენი არ არის მარტო, მისი რჩეული ნორინა ჯილია, ცნობილი იტალიელი მსახიობი, თეატრალური ფსევდონიმით – მარია კარმი. ამბობენ იმასაც, რომ განსხვავებულად ლამაზი ყოფილა მათი სიყვარულის ბიოგრაფია. მარია კარმი ხდება სუნამოების პრინცის მუზაც. Prince Matchabelli იქცა ამერიკელი ლედის ელეგანტურ, თუმცა მაცდურ აქსესუარად, რომელმაც სხვა სიხალისე და სულ სხვა შარმი შეიტანა იმ დიდი დეპრესიის  პერიოდის ყოველდღიურობაში… Prince Matchabelli-ს სალონები გასხნილი იყო კალიფორნიაში, ჩიკაგოში, ტეხასში…

როგორი იყო გრძელი გზის დასაწყისი? იყო თუ არა ბრენდი Prince Matchabelli თავადის ამერიკული ოცნება? – არა, გიორგი მაჩაბელი რისკზე წავიდა, თუმცა მის თავგადასავალში სარისკო სვლები ყოველთვის ამართლებდა… უცხოეთში თუ მისი ცხოვრების ხასიათსა და სტილს გავშიფრავთ, საფრანგეთში ემიგრირებული მთავრობის პოლიტიკურ ინტრიგებში ის ნაკლებად, ან სულაც არ ერეოდა. რა იყო მისი სულიერი საყრდენი? სამშობლოსათვის წართმეული სუვერენიტეტის დაბრუნება, ამიტომ პარფიუმერულ კომპანიას, რომელიც 1926 წელს NY-ში გახსნა და მალე მილიონიან ბიზნესად აქცია, ოკუპირებულ საქართველოში წითელი დიქტატურა უნდა დაემარცხებინა. მაინც როგორ? – თავიდანვე ასე ჩაიფიქრა და ეს ჩანაფიქრი გახდა მისი პოლიტიკური მიზანი, რადგან გასაბჭოებული საქართველო საკუთარ ტკივილთან მარტო იყო დარჩენილი, თავად მაჩაბელს კი თებერვლის ოკუპაცია შელახულ თავმოყვარეობად ჰქონდა გააზრებული: „ემიგრანტებს დიდი გასაჭირი მოგველის, გაჭირვებული და მშიერი უცხოეთში ვერც ღირსებას შეინახავს და ვერც ქვეყნისთვის იმუშავებს პოლიტიკურად. ამიტომ მთელ ჩემს ენერგიას დავხარჯავ, რომ ამერიკაში სიმდიდრე შევიძინო და ეს ბოლოს გამოგვადგება დამოუკიდებელი საქმიანობისათვის“, – უთქვამს ამერიკაში მიმავალ გიორგი მაჩაბელს მიხაკო წერეთლისთვის ბერლინში.

პირველი მსოფლიო ომის დროს ვასო დუმბაძესთან (ქართველი ფინანსისტი, ავანტიურისტი, ცნობილი იყო სკანდალური კარიერით რუსეთის იმპერიის სამხედრო სამინისტროში და საიდუმლო დიპლომატიური საქმიანობით. რედ.) ერთად საერთაშორისო სკანდალიც ააგორა – გერმანელებს გადასცა საიდუმლო საბუთები და ამერიკული ყუმბარების შეკვეთაში კალიბრები შეცვალა. 

წყალქვეშა ნავების ოპერაციები? – ეს ლეგენდაც უკავშირდება მაჩაბელს და… სტოკჰოლმის სამხედრო-საზღვაო შტაბს.

„გერმანიის აგენტს“ ეძახდნენ თავად მაჩაბელს, მის სურათებს ავრცელებდნენ და, როგორც საშიშ დამნაშავეს, ამაოდ დასდევდა რუსეთის კონტრდაზვერვა.

1921 წელი. გასაბჭოების დროს თავადი მაჩაბელი საქართველოს საელჩოს პირველი მდივანია იტალიაში. თავისუფლების მარცხი მისთვის მძიმე, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა. რატომ?

ელეგანტური მისტერ მაჩაბელის სამშობლოსადმი თავდადების ხიფათით და ავანტურისტული თავგადასავლებით აღსავსე ისტორიების კითხვა განაგრძე აქ: at.ge/2021/01/22/prince-matchabelli

ავტორი: მზეხა მახარაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close