fbpx
კრიმინალიმსოფლიო

თაღლითები შავ ბაზარზე COVID-19-ის ვაქცინას ბიტკოინების სანაცვლოდ ყიდიან

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედმა შესაბამისმა მარეგულირებელმა ორგანოებმა ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ისა და ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა გასცეს, თაღლითებმა ინტერნეტ გვერდების საშუალებით გაურკვეველი წარმომავლობის პრეპარატების გაყიდვა დაიწყეს, რომელთა სანაცვლოდაც ისინი დაახლოებით 1000 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინს ითხოვენ. აღნიშნულ ინფორმაციას ისრაელში დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების კომპანია Check Point-ი ავრცელებს.

Check Point-ის წარმომადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის მათ 34 სხვადასხვა ვებგვერდზე მსგავსი შინაარსის 340 სარეკლამო განცხადება აღმოაჩინეს, მაშინ როდესაც გასულ თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მომხმარებლებს მხოლოდ 8 ინტერნეტსაიტი სთავაზობდა. ონლაინ სივრცეში COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის გაყიდვების შესახებ რეკლამის მომრავლებას კომპანიაში მომუშავე სპეციალისტები მასზე მოთხოვნის ზრდას უკავშირებენ. მათივე თქმით, თაღლითები აქცენტს, ძირითადად, იმ ადამიანებზე აკეთებენ, რომლებიც ვაქცინაციის პირველ ნაკადში ვერ მოხვდნენ.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს იმ ადამიანების მხრიდან მზარდი მოთხოვნით არის გამოწვეული, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის მთავრობისგან ვაქცინის მისაღებად კვირების ან თვეების განმავლობაში ლოდინი არ სურთ“, – აცხადებენ Check Point-ის წარმომადგენლები.

კომპანიაში მომუშავე სპეციალისტები საკომუნიკაციო პლატფორმა Telegram-ის საშუალებით ერთ-ერთ თაღლითს დაუკავშირდნენ, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატის სანაცვლოდ მათგან 750 აშშ დოლარის ღირებულების ბიტკოინი მოითხოვა. კრიპტოვალუტის გადარიცხვის შემდეგ გამყიდველის ანგარიში წაიშალა, Check Point-მა კი შეძენილი ვაქცინა ვერ მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერნეტში განთავსებული რეკლამა პოტენციურ მყიდველებს არწმუნებს, თითქოს თითოეული ადამიანისთვის პრეპარატის 14 დოზაა საჭირო, მაშინ როცა ოფიციალური სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, ვაქცინის მხოლოდ ორი დოზის ინიექციაა რეკომენდებული.

ონლაინ სივრცეში თაღლითური რეკლამების მომრავლებასთან ერთად სპეციალური სამსახურები საეჭვო ვებგვერდებს უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. მიმდინარე წლის დასაწყისში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მათ ხელში ჩაიგდეს მსგავსი არალეგალური საქმიანობისთვის შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინტერნეტ ფორუმი DarkMarket, რომელზეც 500 ათასზე მეტი მომხმარებელი იყო რეგისტრირებული.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close