იტალიასაზოგადოება

98 წლის იტალიელმა ქალმა კოვიდი დაამარცხა და ნახევარ მილიონამდე ევროს ღირებულების ობლიგაცია იპოვა

რომის მკვიდრმა, 98 წლის Nonna (ბებია – იტ.) მარიამ შემთხვევით სახლში თავისი აწ გარდაცვლილი ქმრის პროცენტიანი ობლიგაცია იპოვა, რომლისთვისაც ახლა 475 ათასი ევრო შეუძლია მიიღოს. ამის შესახებ Corriere della Sera წერ.

მარია ბებიას ნოემბერში კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა და, ექიმების რეკომენდაციით, მოხუცი ქალი თავის დიდ სახლში იყო თვითიზოლაციაში, სადაც ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. იგი თავს ცუდად არ გრძნობდა და გადაწყვიტა, ეს დრო ნაყოფიერად გამოეყენებინა, ძველი ნივთები გადაერჩია და დაელაგებინა.

შობამდე ცოტა ხნით ადრე მარია ბებია ძველ საკერავ მანქანას მიადგა და მის ქვედა ნაწილში 50 მილიონი ლირის ღირებულების ობლიგაცია იპოვა, რომელიც იტალიის ფოსტის მიერ 1986 წლის 13 იანვარს არის გამოშვებული.

იმ დროისთვის ობლიგაცია მისმა აწ გარდაცვლილმა ქმარმა შეიძინა. არმიის გადამდგარმა ოფიცერმა მაშინ გადაწყვიტა, თავისი დანაზოგის ინვესტირება მოეხდინა და ობლიგაცია საიმედო ადგილას დამალა. როგორც ეტყობა, ქალბატონმა მარიამ იცოდა ამ ობლიგაციის შესახებ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ გადაავიწყდა, ამასობაში კი ამ ფასიანი ქაღალდის ღირებულება 19-ჯერ გაიზარდა: პროცენტებთან ერთად, ახლა ობლიგაციისთვის მარიას უზარმაზარი თანხის – 475 ათასი ევროს მიღება შეუძლია.

მარია ბებიას ქალიშვილმა თავდაპირველად დედის ნათქვამი არ დაიჯერა – მისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ დაავიწყდა დედამისს ასეთი მნიშვნელოვანი ფასიანი ქაღალდის არსებობა, თუმცა ფაქტი უტყუარი აღმოჩნდა…

„უსიამოვნება ყოველთვის ცუდად არ მთავრდება. ამ ქალბატონმა კორონავირუსი დაამარცხა პატივსაცემ ასაკში და გამდიდრდა“, – განაცხადა ლუიჯი დე როსიმ, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია Giustitalia-ს პრეზიდენტმა.

ეს ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ქალბატონი მარია ნათესავებთან ერთად მივიდა იმის გასარკვევად, როგორ შეეძლო ფულის მიღება და აღმოჩნდა, რომ ფოსტას სხვა გათვლები აქვს: ობლიგაციის დღევანდელი ღირებულება იქ 200 ათას ევროდ შეაფასეს – მათი განმარტებით, საპროცენტო განაკვეთები წლების გამავლობაში იცვლებოდა.

ახლა სასამართლო გაარკვევს, რა განაკვეთებს გამოიყენებენ ფასიანი ქაღალდის ამჟამინდელი ღირებულების დასადგენად – იმ პროცენტებს, რაც ობლიგაციაზე წერია, თუ წლების განმავლობაში შეცვლილ განაკვეთებს. სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც მარტისთვის ელოდებიან, შეგროვილი საბუთების საფუძველზე, უკვე თავისთავად ცხადია. როგორც Giustitalia-ს განუცხადეს ინტერვიუში, მეანაბრეებისთვის ინვესტირების მომენტში დაპირებული თანხა დაწესებულებამ სრულად უნდა აანაზღაუროს. მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია Giustitalia-ს გათვლით კი ეს თანხა 475 ათას ევროს უდრის.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close