კრიმინალისაქართველო

როგორ გაიტაცეს და მოკლეს ყოფილი პოლიციელი შვილის დაკვეთით

წლების შემდეგ დამნაშავეები კვლავ გამოჩნდნენ, ამჯერად სხვა საქმეში

ამ ამბავმა მაშინ ბევრი ადამიანი აღაშფოთა, თუმცა საქმეს დიდი რეზონანსი მაინც არ ჰქონია. მაშინ არც ამდენი ტელევიზია იყო, არც სოციალური ქსელები… შესაბამისად, ბევრს ეს გამაოგნებელი დანაშაული აღარც კი ემახსოვრებოდა, რომ არა წლების შემდეგ, იმავე ჯგუფის მიერ იმავე ხელწერით ჩადენილი კიდევ ერთი კრიმინალური აქტი.

მოკლედ, 2001 წლის პირველ ივლისს შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ვინმე მამუკა ესაძის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი როსტევან ბეჟანიშვილი გაიტაცა.

აღმოჩნდა, რომ გამტაცებლებს დანაშაული ბეჟანიშვილის ვაჟმა, ასევე ყოფილმა პოლიციელმა პაატა ბეჟანიშვილმა დაუკვეთა და ამაში უშუალოდ მამუკა ესაძეს სოლიდური თანხაც გადაუხადა. თავად პაატა ბეჟანიშვილი მანამდე სხეულის დაზიანებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის იყო ნასამართლევი.

მაშინდელი გამოძიების ინფორმაციით, სახლიდან გასული როსტევან ბეჟანიშვილი უკან არ დაბრუნებულა, მოგვიანებით კი გამტაცებლებმა მის ოჯახში დარეკეს და გამოსასყიდის სახით 100 ათასი დოლარი მოითხოვეს.

2001 წელს როსტევან ბეჟანიშვილის ოჯახმა გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, თუმცა მძევალი არ გაუთავისუფლებიათ, რის შემდეგაც საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ.

თავდაპირველად გატაცებულის ვაჟი, პაატა ბეჟანიშვილი მოწმის სახით დაკითხეს, თუმცა გამოძიება მისმა მონათხრობმა დააეჭვა.  აღმოჩნდა, რომ პაატა ბეჟანიშვილს მამასთან კონფლიქტი ბავშვობიდან ჰქონია, ბოლოს კი როსტევან ბეჟანიშვილმა ის სახლიდანაც კი გააგდო.

როგორც ირკვევა, ქუჩაში დარჩენილმა შეძლებული მამის შვილმა ფულის გამოძალვის მიზნით მამის გატაცება დაგეგმა და იმ პირებს დაუკავშირდა, რომლებიც ამ საქმეში დაეხმარებოდნენ. ასეთი კი მამუკა ესაძე და მისი დაჯგუფება აღმოჩნდა. საქმის მასალების მიხედვით, პაატა ბეჟანიშვილი გამტაცებლებს 10 ათას დოლარს შეჰპირდა, ხოლო თუ გატაცებულს მოკლავდნენ, თანხა 35 ათასამდე გაიზრდებოდა. მძევლად მყოფი როსტევან ბეჟანიშვილი მართლაც სიცოცხლეს გამოასალმეს, თუმცა გამტაცებლებმა თავად დამკვეთიც „გადააგდეს“. მას შემდეგ, რაც პაატა ბეჟანიშვილმა გამტაცებლებს 80 ათასი დოლარი გადასცა, მას გამტაცებლები თვალითაც აღარ უნახავს და თავისი წილი ფულიც არ მიუღია.

პაატა ბეჟანიშვილი მამის გატაცებისა და მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით გაასამართლეს, ისევე როგორც მამუკა ესაძე. თუმცა რამდენიმე წელში ორივე გთავისუფლდა. უკვე 2018 წელს კი მამუკა ესაძის და მისი დაჯგუფების სახელმა ცნობილი ბიზნესმენის ვაჟის გატაცების საქმეში გაიჟღერა.

საბედნიეროდ, ამჯერად სამართალდამცველებმა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს, თუმცა კრიმინალური დაჯგუფების 10 წევრიდან ხუთმა გაქცევა მოახერხა.

ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის ვაჟის, 23 წლის გიორგი დეკანოსძის გატაცებაში ბრალდებულები თბილისსა და წყალტუბოში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2018 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს.

მძევალი, რომლის გამოსასყიდად ოჯახს 3 მილიონ ლარს სთხოვდნენ, კრიმინალური პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე, სპეცოპერაციის დროს სულ ათი პირი დააკავეს, თუმცა ხუთი მათგანი მეორე დღეს გაათავისუფლეს, მათ შორის, მამუკა ესაძის მეუღლე – მარინა ესაძე და გერი – ნიკა ქავთარაძე.

დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – მამუკა ესაძე, თემურ კენჭაძე, მამუკა მარგველაშვილი, გოჩა ჩეჩელაშვილი და კალისტრატე ეხვაია ადამიანის გატაცების ბრალდებით გაასამრთლეს, თუმცა ამ საქმის რამდენიმე ფიგურანტმა, სავარაუდოდ, მიმალვა მოახერხა და ისინი საქართველოს მიერ კონტრლირებად ტერიტორიაზე არ იმყოფებიან.

ერთ-ერთი ვერსიით, წყალტუბოდან აფხაზეთში იგეგმებოდა მძევლად აყვანილი გიორგი დეკანოსიძის გადაყვანა. სასამართლო პროცესზე გაიჟღერა ვინმე „ასტამურას“ გვარმაც, თუმცა გამოძიებას აღნიშნული პიროვნების იდენტიფიცირება არ მოუხდენია, ისევე როგორც ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის. საქმის მასალებში ნახსენებია ვინმე „ვერონიკა პაპინა“. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მის მიერ მოხდა გიორგი დეკანოსიძის მიტყუება მუხიანის მეორე მიკრორაიონის მე-17 კორპუსში მდებარე კონსპირაციულ ბინაში, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებას წიანსწარ ჰქონდა ნაქირავები, აღნიშნული ბინიდან კი მძევალი წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი ბრალდებულის – გოჩა ჩეჩელაშვილის კუთვნილ სახლში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, საქმის მასალებში ნახსენები „ასტამურა“ აფხაზი კრიმინალური „ავტორიტეტი“ ასტამურ შამბაა, რომელსაც ქურდულ სამყაროში „ასტიკას“ მეტსახელით იცნობენ. ის გავლელიანი აფხაზი „კანონიერი ქურდის“ რაულ ბარცბას (პიზა) დაჯგუფების წევრი იყო და რამდენიმე თვის წინ სოხუმში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებას ემსხვერპლა.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close