fbpx
საზოგადოებასაქართველო

NDI: ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს გამოკითხულთა 80 პროცენტი, ნატოს წევრობას – 74 პროცენტი

„ენდიაის“ (NDI) უახლესი კვლევის თანახმად, საქართველოში კვლავ მაღალია ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერა, უფრო მეტიც, კიდევ გაზრდილია იმ მოქალაქეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც ამ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერენ. 

კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითად უპასუხა რესპონდენტთა 80-მა პროცენტმა (2020 წლის ივნისთან შედარებით, როდესაც 76% მომხრე დაფიქსირდა, 4%-ით გაზრდილია ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი); ევროკავშირის წევრობის სურვილი მიუღებელია 12 პროცენტისთვის, პასუხი „არ ვიცი“ 8 პროცენტმა დააფიქსირა.

2020 წლის ივნისთან შედარებით 5 პროცენტით გაზრდილია ნატოში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობაც, 69 პროცენტიდან 74 პროცენტამდე. კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, დადებითად უპასუხა 74-მა პროცენტმა, უარყოფითად – 16-მა პროცენტმა, პასუხი „არ ვიცი“ დააფიქსირა რესპონდენტთა 9 პროცენტმა.

„ენდიაის“ ინფორმაციით, კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის, 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარია ±1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

NDI-მ  საქართველოში საზოგადოებრივი განწყობების შესასწავლად კვლევა 2020 წლის დეკემბერში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ჩაატარა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close