fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

საქართველოს გარდა სად და როგორ აღნიშნავენ ძველით ახალ წელს

უძველესი ქართული კალენდრის მიხედვით, ახალ წელს სხვადასხვა დროს აღნიშნავდნენ: აგვისტოში, სექტემბერსა და მარტში, ხოლო იანვარში ახალი წლის დადგომა მე-14 საუკუნის მიწურულს დამკვიდრდა. დღეისათვის გრიგორიანულ და იულიუსის კალენდარს შორის 13-დღიანი სხვაობაა. სწორედ ამიტომ, როდესაც მთელ მსოფლიოში საახალწლო ციებ-ცხელება ჩავლილია, რამდენიმე ქვეყანა და, მათ შორის, საქართველო, ისევ სადღესასწაულო სამზადისშია.

მიუხედავად იმისა, რომ ძველით ახალი წელი უფრო საეკლესიო და საოჯახო დღესასწაულია, მას ნაკლები პომპეზურობა სულაც არ ახლავს. 13 იანვრის ღამეს ისევ იშლება სადღესასწაულო სუფრა, ზუსტად 12 საათზე ისევ ისვრიან შუშხუნებს, განთიადამდე ზეიმობენ და ბავშვებიც თოვლის ბაბუას წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ ელოდებიან.

ბოლო 15-20 წელია, ძველით ახალი წლის აღნიშვნა უფრო პოპულარული გახდა, რაც იმის ნიშანია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უპირატესობას ეკლესიური წესებით ცხოვრებას ანიჭებს. ამჟამად, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, მეტი ადამიანი მარხულობს და მარხვის დასრულების ახალი წლის დადგომას სრულფასოვნად ზეიმობს.

საქართველოს გარდა, ძველით ახალ წელს აღნიშნავენ სერბეთში, ბელარუსში, რუსეთში, უკრაინაში, მაკედონიასა და სხვა ქვეყნებში.

ბელარუსსა და უკრაინაში 14 იანვრის წინა საღამოს „​უხვს“ უწოდებენ და მარხვის შემდგომ მდიდრულ სუფრას შლიან.

სერბეთში, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით, წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფეიერვერკს. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

ახალ წელს ხვდებიან ამ დღეს საბერძნეთშიც და მას წმინდა ვასილის დღეს უწოდებენ.

რუმინეთში ამ თარიღისთვის აცხობენ ღვეზელებს სიურპრიზებით: მონეტებით, ფაიფურის ფიგურებით, ბეჭდებით.

მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი. 13 იანვრის ღამეს ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.

ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მაკედონიელები, ძირითადად, ავსტრალიაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

შვეიცარიის ზოგიერთ გერმანულენოვან კანტონში 13 იანვრის საღამოდან იწყებენ საზეიმო სვლას ქუჩებში და წმინდა სილვესტერის დღის აღნიშვნას. ამას გარდა, ახალ წელს ძველი სტილით აღნიშნავენ უელსში.

progressnews.press

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close