რომის პაპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა – არგენტინული მედია
ვატიკანი კომენტარს არ აკეთებს
პაპ ფრანცისკეს Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრა გაუკეთეს. „ანსას“ ცნობით, ამის შესახებ არგენტინული პრესა იუწყება. წმინდა საყდარი კი მხოლოდ იმის დადასტურებით შემოიფარგლა, რომ ვატიკანში ვაქცინაცია დღეს დილით დაიწყო, სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
ეს ინფორმაცია ბუენოს-აირესის გაზეთმა La Nacion-მა გაავრცელა, რომლის კორესპონდენტი რომში ელიზაბეტა პიკე, „ვატიკანის წყაროებზე“ დაყრდნობით, აცხადებს, რომ პაპმა დღეს მიიღო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა პავლე VI-ის დარბაზის ატრიუმის სექტორში, რომელიც სპეციალურად ვაქცინაციისთვის მოეწყო.
ვატიკანის ჯანდაცვის და ჰიგიენის სამმართველომ ვაქცინაციის კამპანია დღეიდან დაიწყო სახელმწიფოს შიგნით, Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის პირველი პარტიის მიღების შემდეგ. ამრიგად, პონტიფიკოსმა დღეს ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა და, იმავე წყაროების ცნობით, 21 დღის შემდეგ მეორე დოზას მიიღებს.
როგორც ცნობილია, „ფაიზერის“ ვაქცინა 2 დოზად კეთდება, 3-კვირიანი შუალედით, ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი კი მეორე დოზის მიღებიდან რამდენიმე დღეში გამომუშავდება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები