fbpx
მედიცინაიტალიასაზოგადოება

იტალიური კუნძულის საიდუმლო, რომლის მცხოვრებლებს კორონავირუსი არ ემართებათ

რა გაიგეს მეცნიერ-მკვლევარებმა კუნძულელთა ასეთ ვირუსმედეგობაზე

იტალიელმა მკვლევარებმა შეისწავლეს კუნძულ ჯილიოს (Giglio) უნიკალური ფენომენი, რომელზეც, მაღალგანვითარებული ტურიზმის მიუხედავად, პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში ადგილობრივ მცხოვრებთა შორის კორონავირუსით ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

მთაგორიანი კუნძული ჯილიო ტოსკანის სანაპიროსთან მდებარეობს, ტირენიის ზღვაში (ხმელთაშუა ზღვის ნაწილი). ჯილიო ფართოდ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 13 იანვარს მის ნაპირთან  გიგანტური სამგზავრო გემი Costa Concordia, ჩაიძირა, რის შედეგადაც 32 მგზავრი დაიღუპა.

დღეს კი, 9 წლის შემდეგ, პანდემიის აფეთქების პერიოდში, ის ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში, რადგან მოულოდნელად „იღბლიანი“ აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ კუნძული ჯილიო იტალიის ტერიტორიის ის იშვიათი გამონაკლისია, სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. უცნაური ის არის, რომ ინფიცირებულთა შორის მხოლოდ კუნძულზე ჩასული ტურისტები არიან, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულის მცხოვრებლებს გასულ ზაფხულს ამ ტურისტებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, არ იცავდნენ სოციალურ დისტანციას და ღიად უგულებელყოფდნენ სხვა საკარანტინო ზომებს, მათ შორის, პირბადის ტარებას.

კუნძულის მკვიდრთა ასეთი ვირუსმედეგობის მიზეზის დასადგენად მეცნიერებმა, მილანის უნივერსიტეტის პროფესორის, ანტონიო ბონიანის ხელმძღვანელობით, 2020 წლის 29 აპრილიდან 3 მაისის პერიოდში მასშტაბური სეროლოგიური კვლევა ჩაატარეს. კვლევაში ანტისხეულებზე – IgM და IgG  და პისიარ ტესტირებებში მონაწილეობა მიიღო 634-მა კუნძულელმა და 89 ჩასულმა ტურისტმა. ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ ტესტირებების შედეგად მოსახლეობაში SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებს აღმოაჩენდნენ და უსიმპოტომო შემთხვევებსაც გამოავლენდნენ, თუმცა ანტისხეულები IgM მხოლოდ ერთ კუნძულელს აღმოაჩნდა, რომელიც ჯილიოზე გაზაფხულის ბოლოს ჩავიდა და უსიმპტომოდ გადაიტანა კორონავირუსი. იმისათვის, რომ შედეგებში სრულად დარწმუნებულიყვნენ, მეცნიერებმა სამჯერ გაიმეორეს ერთი და იგივე ტესტები, შედეგად კიდევ ორ ადამიანს, რომელსაც პისიარ ტესტირებით დადებითი პასუხი ჰქონდა, ანტისხეულები IgG აღმოუჩინეს, ამასთან, ნერწყვის ნიმუშების ტესტირებისას არცერთი დადებითი შედეგი არ დაფიქსირებულა.

მეცნიერთა კვლევა, აგრეთვე, მიმართული იყო იმისკენ, რომ დაედგინათ კუნულელთა ვირუსმედეგობის მიზეზი.

2019 წლის აღწერით, ჯილიოზე 1400-ზე ცოტა მეტი ადამიანი ცხოვრობს, ძირითადად, 3 სოფელში. კუნძულის მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვეა 1 კაცი – 59 კვ. კილომეტრზე, თუმცა, რადგან მოსახლეობა, ძირითადად, 3 სოფელში ცხოვრობს, ფაქტობრივი სიმჭიდროვე გაცილებით მაღალია – 2000, 3500 და 500 კაცი კვ. კილომეტრზე სოფლებში – ჯილიო პორტოში, ჯილიო კასტელოსა და ჯილო კამპეზეში, შესაბამისად. ამ მონაცემების შედეგად, კუნძული მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებლით იტალიის 150 საუკეთესო ადგილს შორისაა.

კუნძული მატერიკს ბორნით უკავშირდება, რომელსაც მგზავრები დღეში ერთხელ გადაყავს, საშუალოდ 10 ადამიანი – ერთი მიმართულებით. ამის გამო კუნძული შედარებით იზოლირებულია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კუნძულზე არსებულ ძალიან სუფთა ჰაერს დომინანტური როლი აქვს კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვაში, რაც შესაბამისობაშია სხვა კვლევებთან, რომელთა თანახმადაც, ვირუსის გავრცელების შეზღუდვა ჰაერის სისუფთავის პირდაპირპროპორციულია. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, შესწავლილ იქნას გეოგრაფიული, კლიმატური და მიკროგარემოს პირობები კუნძულზე, რათა დადგინდეს მათი პოტენციური წვლილი ინფექციის გავრცელების დაბლოკვაში. შესანიშნავი იმუნური რეაქცია შესაძლოა მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ასეთ ვირუსმედეგობაში. ასევე, მეცნიერთა აზრით, სავსებით შესაძლებელია, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის ახლო მონათესავე პათოგენის ზემოქმედებამ შეძლო COVID-19-ის სიმძიმის შესუსტება ან ამ დაავადების საერთოდ თავიდან აცილება. იმუნიტეტი შესაძლოა ჩამოყალიბდა Т-ლიმფოციტების კლონი CD4-ის მეშვეობით, SARS-CoV-2-ის რეაქტიული ანტიგენებით, რომლებიც გაციების გამომწვევი ენდემური კორონავირუსის ანტიგენებისთვის საერთოა. ასეთი შესანიშნავი იმუნური რეაქცია მომავალი კვლევების საგანია.

მკვლევარები აპირებენ სეროლოგიური კვლევების კიდევ ერთი რაუნდი ჩაატარონ ზაფხულის სეზონზე, როდესაც, ჩვეულებრივ, კუნძულს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რათა ამ პერიოდში ინფიცირების ახალი შემთხვევები და ინფექციის გადაცემის გზები გამოავლინონ.

ნინო ხოშტარია

წყარო: news-medical.net

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close