საბერძნეთში ლოქდაუნი 18 იანვრამდე გახანგრძლივდა
ბერძნების მოლოდინი, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვები 11 იანვრიდან შემსუბუქდებოდა, არ გამართლდა. პარასკევს, 8 იანვარს სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოს ხარდალიასმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ ლოქდაუნი, სულ ცოტა, 18 იანვრამდე გაახანგრძლივა.
ერთადერთი ცვლილება ის არის, რომ ორშაბათიდან, 11 იანვრიდან გაიხსნება საბავშვო ბაგა-ბაღები და დაწყებითი სკოლები. ტანსაცმლისა და წიგნის მაღაზიები, ასევე, სილამაზის სალონები ისევ დახურული იქნება. აკრძალულია თევზაობა და ნადირობა.
რაც შეეხება საერთაშორისო ავიარეისებით საზღვარგარეთიდან ჩასულ მგზავრებს, როგორც ხარდალიასმა განმარტა, ყველა მგზავრი, რომელიც საბერძნეთში 2021 წლის 21 იანვრამდე შევა ნებისმიერი ქვეყნიდან, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდანაც, იზოლაციაში გადავა 7 დღის განმავლობაში (აქამდე მოთხოვნილი 3 დღის ნაცვლად) სახლში ან დროებით საცხოვრებელ ადგილას, რომელიც მითითებულია PLF ფორმაში. თუ იგი ქვეყანაში უფრო ნაკლები დროით რჩება, ამ შემთხვევაში დროებითი შეზღუდვა მის გამგზავრებამდე მოქმედებს.
ამას გარდა, საბერძნეთში ჩასვლისას უცხოელი მგზავრები გაივლიან ექსპრეს-ტესტს კორონავირუსზე, გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.
სპეციალურად დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულოა ექსპრეს-ტესტის გაკეთება ჩასვლისთანავე. გარდა ამისა, 7-დღიანი კარანტინის ბოლოს იგი ვალდებული იქნება, ჩაიტაროს „პისიარ“ ტესტი და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებს კარანტინს, დადებითი პასუხის შემთხვევაში კარანტინი 14 დღემდე გაუგრძელდება.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები