fbpx
მედიცინამსოფლიო

კოვიდის წინააღმდეგ ჩატარებული 1,9 მლნ აცრიდან 21 შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკი განვითარდა

ვის და რატომ არ ურჩევენ აცრას?

აშშ-ში კომპანიების, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების 1,9 მლნ დოზით აცრისას, 14-23 დეკემბრის პერიოდში, 21 შემთხვევაში ანაფილაქსიური შოკი განვითარდა, როგორც გვერდითი მოვლენა.

ამ 21 ადამიანიდან 17-ს უკვე ჰქონდა ანამნეზში ალერგიული რეაქცია წამლებზე, კვების პროდუქტებსა და მწერების ნაკბენებზე, 7 მათგანს კი უკვე ჰქონდა ანამნეზში ანაფილაქსია. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 6 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა.

21 ადამიანიდან, რომლებსაც აცრის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდათ, 4 – საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 3 რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამრიგად, „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებზე ანაფილაქსიური რეაქციის სიხშირე არის 11,1 – მილიონ გაკეთებულ დოზაზე, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე გრიპის ვაქცინების შემთხვევაში (1,3 – მილიონ დოზაზე), თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში „რეაქცია იშვიათია“, განაცხადა CDC-ს იმუნიზაციისა და რესპირატორული დაავადებების ნაციონალური ცენტრის დირექტორმა ნენსი მესონიემ (Nancy Messonnier). იმ ადამიანების საშუალო ასაკი, რომლებსაც კოვიდის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდათ, 40 წელია, მათი 90% ქალია. სიმპტომები აცრიდან 13-15 წუთის შემდეგ გამოვლინდა.

ამ მონაცემების საფუძველზე CDC მითითებებს ცვლის და აცხადებს, რომ მეორე დოზა აღარ უნდა გაიკეთონ მათ, ვისაც ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ ალერგიული რეაქცია განუვითარდა; მეტიც, ამ ეტაპზე არ უნდა აიცრან ისინი, ვინც იცის, რომ ალერგია აქვს ვაქცინის კომპონენტებზე, როგორიც არის პოლიეთილენგლიკოლი და პოლისორბატი ან მსგავსი ნივთიერებები. ისინი, ვისაც ანამნეზში ალერგიული რეაქციები აქვთ ინიექციებზე ან წარსულში უკვე განუვითარდათ ანაფილაქსიური რეაქცია ნებისმიერი მიზეზით, მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ ვაქცინაციიდან 30 წუთის განმავლობაში.

„ვაქცინის ამ დროისთვის ცნობილი  და პოტენციური უპირატესობები კვლავაც გადაწონის COVID-19-ით დაავადების რისკებს. CDC და FDA გვერდით მოვლენებს აანალიზებენ, რათა განსაზღვრონ, შეიძლება თუ არა, რომ ისინი ვაქცინაციას უკავშირდებოდეს; ბევრ შემთხვევაში შესაძლებელია ეს, უბრალოდ, დამთხვევა იყოს. ვიმეორებთ, რომ  COVID-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უსაფრთხოა“, – განაცხადა ნენსი მესონიემ.

ცნობისათვის: ანაფილაქსიური შოკი სიცოცხლისათვის საშიში გენერალიზებული ალერგიული რეაქციაა. ის ორგანიზმში ალერგენის (ცილა, შრატი, მედიკამენტი და სხვა) შეყვანის შემთხვევაში ვითარდება, შესაძლოა გამოიწვიოს მწერის ნაკბენმაც. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევათა 10-20% ლეტალურად მთავრდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close