აღმოაჩინეს პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებას მთლიანად ბლოკავს
ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო მეცნიერებების ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ პრეპარატი MK-4482/EIDD-2801 ანუ მოლნუპირავირი მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში მთლიანად ბლოკავს კორონავირუს SARS-CoV-2-ის გადაცემას ანუ ინფიცირებული ადამიანი, ფაქტობრივად, უსაფრთხო ხდება ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით.
მკვლევართა სამუშაოს აღწერა ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნდა.
ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ რიჩარდ პლემპერის თქმით, თავდაპირველად დაადგინეს, რომ პრეპარატი ეფექტიანია გრიპის ვირუსების წინააღმდეგ.
„ადრე აღვნიშნეთ, რომ MK-4482/EIDD-2801-ს აქვს რესპირატორული, RNA-ს შემცველი ვირუსების წინააღმდეგ აქტიურობის ფართო სპექტრი და ამ ვირუსებით ინფიცირებული ცხოველების პერორალური მკურნალობა მოლნუპირავირით რამდენიმეჯერ ამცირებს გამოყოფილი ვირუსული ნაწილაკების რაოდენობას, შესაბამისად, მკვეთრად ამცირებს გადაცემას“, – განაცხადა დოქტორმა პლემპერმა.
მეცნიერებმა კვლევისას მოლნუპირავირი SARS-CoV-2-ის წინააღმდეგ „მომართეს“ და მისი ზემოქმედება ქრცვინებზე გამოსცადეს. ამ ცხოველებს კორონავირუსი იოლ ფორმებში გადააქვთ და მას ზედა სასუნთქი გზებით ავრცელებენ, რაც დაავადების ადამიანებში მიმდინარეობის მსგავსია.
ექსპერიმენტის შედეგებმა აჩვენა, რომ არცერთი ჯანმრთელი ქრცვინი არ დაავადებულა იმ ინიფირებული ქრცვინების გვერდით, რომლებიც მოლნუპირავირს ღებულობდნენ.
„თუ ამ მონაცემებს ადამიანებზე გადავიტანთ, კოვიდ-პაციენტები, რომლებიც ამ პრეპარატს იღებენ, მკურნალობის დაწყებიდან უკვე 24 საათის შემდეგ გადამდები უკვე აღარ იქნებიან“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა დოქტორმა იოზეფ ვოლფმა.
მისი თქმით, მოლნუპირავირი პერორალურად მიიღება, აქედან გამომდინარე, მკურნალობის დაწყება ადრეულ სტადიაზე შეიძლება, რაც პოტენციურად 3-მაგ ეფექტს იძლევა:
- COVID-19 არ განვითარდება მძიმე ფორმად;
- შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა;
- შემცირდება დაავადებულის მიერ გარშემომყოფების ინფიცირების რისკი.
„ეს არის პირველი დემონსტრირება პერორალური პრეპარატისა, რომელიც სწრაფად ბლოკავს SARS-CoV-2-ს. მოლნუპირავირს თამაშის წესების შეცვლა შეუძლია“, – აცხადებს პლემპერი.
სპეციალისტთა თქმით, ვიდრე ვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, MK-4482/EIDD-2801-ს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ვირუსის გადაცემას დაბლოკავს და პანდემიის გავრცელებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
ამ დროისთვის კვლევა მე-2 ფაზაშია, მკვლევარები აპირებენ შესაბამის ორგანოს მიმართონ ნებართვის მისაღებად, რათა პრეპარატის ადამიანებზე გამოცდა დაიწყონ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები