მედიცინამსოფლიო

„ევროპის ავადმყოფი ადამიანი“ – დიდი ბრიტანეთი იზოლაციაში მოექცა ახალი შტამის გამო

რა ვიცით კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ამ ეტაპზე და რა არის კარგი ამბავი?

ევროპის და მსოფლიოს ათობით ქვეყანამ დიდი ბრიტანეთიდან შესვლა აკრძალა კოვიდ-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამის გამო – ვარაუდობენ, რომ VUI-202012/01 70%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე აქამდე ცნობილი ვერსია. მეცნიერები აგრძელებენ ვირუსზე დაკვირვებას, ამ დრომდე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო საშიში და მომაკვდინებელია. 

უსაფრთხოების მოსაზრებით, დიდ ბრიტანეთთან საზღვრები მთლიანად ან ნაწილობრივ უკვე ჩაკეტეს საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, ესპანეთმა, ჰოლანდიამ, ავსტრიამ, ირლანდიამ, ბელგიამ, პოლონეთმა, შვეიცარიამ, ინდოეთმა, ჰონკონგმა, ისრაელმა, კანადამ, სალვადორმა, იორდანიამ, საუდის არაბეთმა, ქუვეითმა, ომანმა და რუსეთმა.

ზოგიერთმა სახელმწიფომ, მაგ., საფრანგეთმა რამდენიმე დღით ტვირთების გადაზიდვაც შეაჩერა დიდ ბრიტანეთთან. ათობით სატვირთო ავტომანქანა საზღვრიდან გააბრუნეს.

ახალი შეზღუდვების შემოღებას ლონდონთან განიხილავენ შვედეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ჩინეთი, აშშ, მექსიკა და ბევრი სხვა ქვეყანა. აღსანიშნავია, რომ შვედეთში საუბრობენ საზღვრის შესაძლო ჩაკეტვაზე დანიასთანც, სადაც ახალი შტამის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი შტამით ინფიცირების 10-ზე მეტი შემთხვევა ბრიტანეთის გარეთ უკვე გამოვლინდა, მათ შორის, ერთი – იტალიაში და ორი – ავსტრიაში, აგრეთვე, დანიასა და ნიდერლანდებში. იტალიაში ახალი შტამით ინფიცირების მეორე შესაძლო შემთხვევაზე საუბრობენ ბარიში – 25 წლის ახალგაზრდა ქალს, რომელიც ორიოდე დღის წინათ ლონდონიდან დაბრუნდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ვარაუდობენ, რომ იგი ახალი შტამით არის ინფიცირებული, თუმცა ანალიზის პასუხს ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში ლონდონიდან ჩამოფრენილ ქალს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამი იტალიაში პირველს დაუდასტურდა, „ანსას“ ინფორმაციით, სიმპტომები არ აქვს. იგი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება თავის პარტნიორთან ერთად, რომლის თანხლებითაც ჩამოვიდა.

ამ ფონზე ბრიტანეთში ეკონომიკური კრიზისი მწვავდება. ბოლო დღეებში ბრიტანული ფუნტი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2.5%-ით გაუფასურდა, რეკორდულ მინიმუმზე დაეცა სახელმწიფო ობლიგაციების ღირებულებაც.

ბრიტანული მედიასაშუალებების დიდი ნაწილი კრიზისის გამო, რომელიც ზუსტად დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის „საბოლოო გაყრის“ წინ გამწვავდა, პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

ბრიტანულმა გაზეთმა Daily Mirror-მა თავისი პირველი გვერდი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ფოტოთი ასე დაასათაურა: „ევროპის ავადმყოფი ადამიანი“.

ამასთან, ჯონსონი და მისი მთავრობა იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ საშობაო-საახალწლოდ დაგეგმილ შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ახალი შტამის გამო მკაცრი ლოქდაუნია გამოცხადებული ლონდონსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.

კოვიდ19-ის გამომწვევ ახალ შტამში 23 განსხვავებული ცვლილება შეინიშნება. მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები ვირუსს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად გავრცელდეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, პირველად ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში სექტემბერში გამოვლინდა. უკვე ნოემბერში ლონდონში გამოვლენილი კოვიდპაციენტების 25% ამ შტამით იყო ინფიცირებული, ხოლო დეკემბრის შუა რიცხვებში ეს მაჩვენებელი 65%-მდე გაიზარდა.

ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელი და სახიფათოა, თუმცა ის ფაქტი, რომ მას გაცილებით სწრაფად გავრცელება შეუძლია და უფრო მეტ ადამიანს დააინფიცირებს, უკვე ქმნის იმის საშიშროებას, რომ საავადმყოფო სისტემაზე დიდი ზეწოლა იქნება, ეს კი პრობლემას გამოიწვევს.

იქნება თუ არა ეფექტიანი უკვე შემუშავებული ვაქცინები ახალი შტამის წინააღმდეგ?

პრაქტიკულად, შესაძლებელია თქმა, რომ იქნება. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში.

სამივე მსოფლიო ვაქცინა ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევს კორონავირუსის არსებულ სპაიკ-ცილაზე, ვაქცინები იმუნურ სისტემას მომართავენ იმისკენ, რომ მან ვირუსის სხვადასხვა შემადგენელ ნაწილს შეუტიოს, ეს კი ნიშნავს, რომ ვირუსის ზედაპირზე არსებული ქაცვი-ცილის მუტაციის მიუხედავად ვაქცინები ძველებურად ეფექტიანი იქნება.

„თუმცა, თუ ჩვენ გაგვეპარება კიდევ რამდენიმე მუტაცია, მაშინ უკვე შეშფოთების საფუძველი გვექნება“, – ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პორფესორი რავი გუპტა.

ეს ყველაზე მეტ საფრთხეს იწვევს, რადგან ახალი შტამი აჩვენებს: ვირუსს შეუძლია ადაპტირდეს ისე, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი დააინფიციროს.

„ამ ვირუსს, დიდი ალბათობით, შეუძლია შვას მუტანტები, რომლებიც ვაქცინას გაუმკლავდებიან“, – განაცხადა გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ რობერტსონმა.

თუ ასეა, ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როგორც გრიპის ვირუსის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ვაქცინის სახეობის რეგულარული ცვლა.

საბედნიეროდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები, რომლებიც უკვე შემუშავებულია, ადვილად ექვემდებარება ასეთ ცვლილებას.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close