კინო/ფილმებიმსოფლიო

რიგის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა ცნობილი სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი

ცნობილი სამხრეთკორეელი კინორეჟისორი კიმ კი-დუკი წუხელ გარდაიცვალა ლატვიაში. გარდაცვალებამდე ის რიგის საავადმყოფოში მოათავსეს COVID-19-ის დიაგნოზით. რეჟისორი 59 წლის იყო.

კიმი 1960 წელს დაიბადა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთში მდებარე ერთ-ერთ სოფელში, სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო სკოლაში, ხუთი წელი მსახურობდა საზღვაო ქვეითად, შემდეგ იყო მხატვარი და სცენარისტი. სცენარებისთვის რამდენიმე ჯილდოს მოპოვების შემდეგ 1996 წელს შედგა მისი დებიუტი კინორეჟისურაში.

კიმ კი-დუკს გადაღებული აქვს 31 ფილმი, რომელთაგან ყველაზე უფრო ცნობილი ფილმებია: „პიეტა“, რომლისთვისაც ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“ მოიპოვა 2012 წელს; „სამარიტელი ქალი“ (2004), რომელიც ბერლინის კინოფესტივალის „ვერცხლის დათვით“ დაჯილდოვდა; „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… კვლავ გაზაფხული“ (2003); „ცუდი ბიჭი“ (2001).

2017 წელს სამხრეთკორეელმა მსახიობმა ქალმა, რომლის ვინაობას არ ამხელენ, მას სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი. რეჟისორმა ქალს სასამართლოში უჩივლა ცილისწამებისთვის, მაგრამ 2020 წლის ოქტომბერში საქმე წააგო.

კიმი 20 ნოემბერს ჩავიდა ლატვიაში. გავრცელებული ინფორმაციით, იგი იურმალაში აპირებდა დასახლებას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close