ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის 23 წლის ქართველი დააპატიმრეს

ნიუ-იორკში 18 წლის ჯაბა ადამიას მკვლელობისთვის ბაჩუკი ბერძენიშვილი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა New York Daily News-ი პოლიციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 23 წლის ბაჩუკი ბერძენიშვილს ბრალად ედება ჯაბა ადამიას მკვლელობა, აგრეთვე, იარაღის ფლობა. შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა ბრუკლინში, 21-ე ქუჩაზე, Quentin Road-ის მახლობლად, ერთ მილზე ნაკლებ მანძილზე ადამიას სახლიდან (Sheepshead Bay-ში).

ბერძენიშვილი კვირას დააკავეს, მაგრამ ორშაბათამდე ოფიციალური ბრალდება არ წაუყენებიათ. გამომძიებლებს არ სჯერათ, რომ ის და მოკლული ერთმანეთს იცნობდნენ. ბერძენიშვილს ადრე სამართალდამცველებთან პრობლემები არ ჰქონია.

New York Daily News-ი წერს, რომ მომხდარიდან სამი კვირით ადრე ბერძენიშვილმა ადამიას სახეში მუშტი დაარტყა. როდესაც 6 დეკემბერს ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, ადამიამ ბერძენიშვილს ჰკითხა: „რატომ გააკეთე ეს?“ ამას ჩხუბი მოჰყვა.

პოლიციისა და პროკურორის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოწმემ დაინახა, თუ როგორ დაარტყა ბაჩუკი ბერძენიშვილმა ჯაბა ადამიას დანა, როდესაც ისინი მიწაზე გორავდნენ. მოწმის თქმით, ადამია ცდილობდა, ბერძენიშვილისთვის ხელი დაეჭირა, როდესაც ეს უკანასკნელი მას დანას ურტყამდა.

პროკურორის ცნობით, ადამიამ, რომელსაც დაჭრის შემდეგ საუბრის უნარი ჯერ კიდევ ჰქონდა, თქვა, რომ დანა ბერძენიშვილმა დაარტყა.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, როდესაც სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, 18 წლის ახალგაზრდა უკვე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და არ რეაგირებდა. იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გამოცემა წერს, რომ ჯაბა ადამია, წარმოშობით საქართველოდან, თავგადაკლული გიტარისტი იყო. მის ვიდეოებს ხშირად დებნენ მისი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში და ჯაბას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა როგორც ბრუკლინში, ისე საქართველოში.

„მან მხოლოდ წელს დაამთავრა საშუალო სკოლა“, – უთხრა გამოცემას ერთ-ერთმა მეგობარმა ბინაში, სადაც ჯაბას მგლოვიარე და, მამა და ახლო მეგობრები იყვნენ შეკრებილები.

მოკლული ახალგაზრდა მუსიკოსის მეგობრებმა სოციალურ ქსელში მისი ფოტო დადეს, რომელზეც იგი გიტარაზე უკრავს.

ჯაბა ადამია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close