პოლიტიკასაქართველო

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება

ჯერჯერობით ისევ უცნობია, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები

დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ათი დღის განმავლობაში იმართება. ​ცესკო-მ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს გამოაქვეყნა.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახსნის, შემდეგ, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად, იგი სიტყვას პარლამენტის უხუცეს წევრს მისცემს, რომელიც სხდომას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის არჩევამდე გაუძღვება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის თანახმად, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შედის. პარლამენტში 90 დეპუტატი ხელისუფლებას ეყოლება, ხოლო ოპოზიციის 60 მანდატი ასე განაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ და ხელისუფლების წინაშე საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ.

1tv.ge-ს მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close