fbpx
იტალიასაზოგადოება

მილანში დღეს სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები ისევ გაიხსნა – ხალხმრავლობა პიაცა დუომოზე (ფოტო/ვიდეო)

მილანში (ისევე, როგორც მთელ ლომბარდიაში), რომელიც დღეიდან, 29 ნოემბრიდან „წითელი ზონიდან“ „ნარინჯისფერში“ გადავიდა, დაკეტილი მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები ისევ გაიხსნა.

ეს ფოტოები და ვიდეო დაახლოებით 18:00 სთ-ზეა (თბილისის დროით 21:00 სთ) გადაღებული მილანში, პიაცა დუომოზე. მათზე კარგად ჩანს ხალხმრავლობა მაღაზიებთან – 3-კვირიანი აკრძალვის შემდეგ მილანელებს, როგორც ჩანს, შოპინგი მოენატრათ.

როგორც ცნობილია, მილანი (მთლიანად ლომბარდიის რეგიონი) „წითელ ზონად“ 6 ნოემბერს გამოცხადდა. დაიკეტა არაპირველადი აუცილებლობის საგნებით მოვაჭრე მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, აგრეთვე, რესტორნები და ბარები, რომლებსაც მხოლოდ გატანაზე შეუძლიათ მუშაობა, ღამის შეზღუდვის დაწყებამდე (22:00 სთ). აღსანიშნავია, რომ საპარიკმახეროების მუშაობა „წითელ ზონებშიც“ არ შეჩერებულა.

ზოგიერთი მაღაზია, მაგ., ბავშვის ტანსაცმლის, სათამაშოების, ოპტიკის, აქამდეც არ დაკეტილა, თუმცა დღეიდან მათი სამუშაო საათები შეიცვალა  – თუ დღემდე ასეთი მაღაზიები 18:00-სთ-ზე იკეტებოდა, ახლა მათი სამუშაო დრო 20:00 საათამდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მინისტრის, რობერტო სპერანცას მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, დღეიდან  ლომბარდიის გარდა, კალაბრია და პიემონტიც „ნარინჯისფერ“ ზონაში გადავიდნენ, თუმცა, როგორც ცნობილია, რესტორნები, ბარები და საზოგადოებრივი კვების სხვა ობიექტები „ნარინჯისფერ ზონაშიც“ დაკეტილი რჩება, მათ მხოლოდ გატანის სერვისის განხორციელების უფლება აქვთ.

ციცი ხაბელაშვილი

ავტორის ფოტოები და ვიდეო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close