მსოფლიოპოლიტიკა

მადრიდი ესპანეთის სხვა რეგიონებთან საზღვრებს ათი დღით ჩაკეტავს

„გვინდა, რომ შობის დღესასწაულამდე შესაძლო საუკეთესო პირობებით მივიდეთ“ - საპატერო

მადრიდი ესპანეთის სხვა რეგიონებთან საზღვრებს ათი დღით ჩაკეტავს, 4 დეკემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ელპაისი“ ავრცელებს.

ახალი შეზღუდვის მიზანი სადღესასწაულო დღეებში მობილობის შემცირებაა კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. ესპანეთში 8 დეკემბერი ნაციონალური დღესასწაულია, ხოლო 7 დეკემბერი სადღესასწაულო დღეა ესპანეთის ყველა რეგიონში, კანტაბრიის, კასტილია-ლა მანჩის, კატალონიის, ვალენსიის, გალისიისა და ბასკთა ქვეყნის გარდა. ჩვეულებრივ, ამ დღეს ბევრი ესპანელი მიემგზავრება ქვეყნის მეორე ნაწილში, თავის მეორე სახლში.

მიღებული დადგენილების თანახმად, 4-13 დეკემბერს რეგიონებს შორის გადაადგილება მხოლოდ დასაბუთებული და გადაუდებელი მიზეზით იქნება შესაძლებელი.

ამასთან, მადრიდის რეგიონის მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქმედებს ღამის გადაადგილების შეზღუდვა  24:00-იდან 06:00 სთ-მდე.

„გვინდა, რომ შობამდე შესაძლო საუკეთესო პირობებით მივიდეთ“, – განაცხადა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ანტონიო საპატერომ.

ამჟამად მთელი ესპანეთის მასშტაბით აკრძალულია ექვსზე მეტი ადამიანის შეკრება, ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს 6 თვით, 2021 წლის 9 მაისამდე გახანგრძლივდა.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1589219 შემთხვევაა დაფიქსირებული (გასულ 24 საათში 15 156 ახალი შემთხვევა გამოვლინდა). ამ მაჩვენებლით ესპანეთი მეორე ადგილზეა ევროპაში საფრანგეთის შემდეგ (2109170), მსოფლიოში კი – მეექვსეზე. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კოვიდ-19-ით 42 619  პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო ერთ დღეში 328-ით გაიზარდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close