მსოფლიოპოლიტიკა

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა 6 თვით გახანგრძლივდა

ესპანეთში კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ექვსი თვით, 2021 წლის 9 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „ელპაისი“ ავრცელებს

გადაწყვეტილებას კონგრესის წევრთა უმრავლესობამ – 194-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 53 წინააღმდეგი წავიდა, 99-მა კი თავი შეიკავა.

მოწინააღმდეგეთა შორის იყო პარტიები – PP (სახალხო პარტია) და Vox-ი. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ კონგრესის გადაწყვეტილებას პარასკევს, 30 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესს დაევალა, 2 თვეში ერთხელ წარდგეს კორტესის (კორტეს ხენერალეს – ესპანეთის ორპალატიანი პარლამენტი, შედგება დეპუტატთა კონგრესისა/ქვედა პალატა და სენატისგან/ზედა პალატა) წინაშე მოხსენებით, რომელშიც პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას შეაფასებს.

საგანგებო მდგომარეობის 6 თვით გაგრძელებას ჯანდაცვის მინისტრი სალვადორ ილა იცავდა, რომლის თქმითაც, „სიტუაცია ძალიან საგანგაშოა“.

ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ზომების გამკაცრება და ადამიანთა მობილობის შემცირება გარდაუვალი იყო, რადგან ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 19 765 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 168 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ესპანეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ევროპის მასშტაბით კორონავირუსის ყველაზე მეტი  – 1,2 მლნ-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, თუმცა რეალურად, პედრო სანჩესის თქმით, ინფიცირების შემთხვევები გაცილებით მეტია, 3 მლნ-მდე.

ახალი საგანგებო მდგომარეობა, გამოცემის ცნობით, არსებითად განსხვავდება იმისგან, რომელიც 14 მარტს დაწესდა პანდემიის პირველი ტალღის დროს.

ახლანდელი ზომა მიმართულია იმისკენ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ავტონომიურ მმართველობებს კანონიერად ჰქონდეთ კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოქმედების უფლება პარლამენტში 2-კვირიანი რთული პოლიტიკური დებატებისა და სასამართლოს მხრიდან დაბრკოლებების გარეშე. ავტონომიურ ერთეულებს უფლება ეძლევათ, დამოუკიდებლად დააწესონ თავიანთ ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლის შეზღუდვა და განსაზღვრონ კომენდანტის საათის მოქმედების დრო.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close