ისტორიასაბერძნეთი

15 ნოემბერს გამოტანილი განაჩენი – ΕΛΑΣ-ის კომისარი, რომელიც საბერძნეთში სიკვდილით დასაჯეს

ნიკოს ბელოიანისი (Νίκος Μπελογιάννης) იყო ბერძენი ანტიფაშისტი, პოლიტიკური მოღვაწე, კომუნისტი, KKE-ს (კომპარტია) წამყვანი წევრი, გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ სახალხო განმათავისუფლებელი მოძრაობის (ΕΛΑΣ) დივიზიის კომისარი და ΔΣΕ-ს წევრი. იგი ცნობილია მეტსახელით „კაცი მიხაკით“, რომელიც მისი ყველზე ცნობილი ფოტოს გამო შეერქვა.

1951 წლის 15 ნოემბერს ნიკოს ბელოიანისს და მემარცხენე შეხედულებების მქონე კიდევ 11 პატიმარს ათენის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ბელოიანისი KKE-ს (საბერძნეთის კომუნისტური პარტია) ათენის ორგანიზაციის აღდგენის მცდელობისთვის დააკავეს და ბრალად სდებდნენ ღალატს და საბჭოთა კავშირის ჯაშუშობას. 3 მოსამართლიდან ერთ-ერთი იყო გიორგიოს პაპადოპულოსი, მომავალში „შავი პოლკოვნიკების“ ხუნტის მეთაური.

როგორც გიორგი დიმიტროვმა, ნიკოს ბელოიანისმაც თავისი სასამართლო პროცესი დიქტატურის წინააღმდეგ სასამართლოდ გადააქცია. პროცესმა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. მას დახვრეტა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს მისი ცოლის, ელი იოანიდუს ორსულობის გამო, თუმცა 1952 წელს გაიმართა ხელახალი სასამართლო პროცესი, რომელზეც ბელოიანისს და კიდევ სამ პატიმარს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ნიკოს ბელოიანისი გუდიში (ათენის რაიონი) 1952 წლის 30 მარტს დახვრიტეს. იგი განაჩენის აღსრულების დროს 36 წლის იყო.

„თქვენი სასამართლოები მიზანშეწონილობის (σκοπιμότητας) სასამართლოებია. ამიტომ თქვენს შეწყალებას არ ვითხოვ. მე სიამაყით და სიმშვიდით ვხვდები თქვენს გადაწყვეტილებას. თავაწეული  წარვდგები თქვენი აღმასრულებელი რაზმის წინაშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც იგივე მოსამართლეები, რომლებიც ახლა განგვსჯიან, პატიებას სთხოვენ ბერძენ ხალხს. სხვა არაფერი მაქვს სათქმელი“, – განაცხადა ბელოიანისმა თავის საბოლოო სიტყვაში.

„ბელოიანისის საქმე“ ისტორიაში შევიდა, როგორც საბერძნეთში სამოქალაქო ომის შემდგომი ანტიკომუნისტური დევნის უკიდურესი სისასტიკის მაგალითი.

„ვფიქრობ, რომ ცხოვრებას უნდა ჰქონდეს ეს სამი კომპონენტი: დიდი, მშვენიერი და შოკისმომგვრელი. დიდი და მთავარია, ვიბრძოლოთ უკეთესი ცხოვრებისათვის. ვინც ამას არ გააკეთებს, სიცოცხლის მიღმა „მცოცავია“; მშვენიერია – ყველაფერი, რაც ცხოვრებას ამშვენებს: მუსიკა, ყვავილები, პოეზია… შოკისმომგვრელი კი სიყვარულია …“ – ეს ნიკოს ბელოიანისის სიტყვებია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close