ქართველები უცხოეთშიხელოვნება

პარმენ დაუშვილის ტილო ლონდონის ხელოვნების სამეფო აკადემიის ექსპოზიციაში მოხვდა

ბრიტანეთში ემიგრირებული ქართველი მხატვრის, პარმენ დაუშვილის ნამუშევარი, დიდი საკონკურსო შერჩევის შემდეგ, ლონდონოს სამეფო აკადემიის წლიური გამოფენისთვის შეარჩიეს.

„სასიამოვნო გაოცება აღმოჩნდა ჩემთვის ლონდონის სამეფო აკადემიის ყველაზე ტრადიციულ გამოფენაზე ქართველი მხატვრის, პარმენ დაუშვილის ნამუშევრის ნახვა.

ლონდონის სამეფო აკადემიაში ზაფხულის ექსპოზიციას 252 წლის უწყვეტი ისტორია გააჩნია, მაგრამ პანდემიის გამო იგი წლეულს პირველად გახდა სათუო. თუმცა ამ სახელოვნებო ინსტიტუციის უზარმაზარი ძალისხმევით მაინც არ გაწყდა ეს ჯაჭვი. მართალია, ოთხი თვით გვიან, მაგრამ იგი მაინც შედგა მნახველისთვის. ამიტომაც არის, რომ მას ლონდონელებმა ხუმრობით „ზამთრის ექსპოზიცია“ შეარქვეს, რადგან ივნისის ნაცვლად ის ოქტომბერში გაიხსნა და 2021 წლის 3 იანვრამდე გაგრძელდება.

ზაფხულის ექსპოზიციაში მხატვრის მოხვედრას საკმაოდ ძნელი კონკურსი უძღვის ხოლმე წინ. წლეულს, მაგალითად 18 000 არტისტმა მოისურვა მასში მონაწილეობა. აკადემიკოსთა ჟიურიმ კი გამოსაფენად მხოლოდ ათას ავტორამდე შეარჩია. ქართველი პარმენ დაუშვილის ასეთ კონკურენციაში გამარჯვება მართალაც იშვიათი და გასახარი ამბავია.

ხელოვნების სამეფო აკადემიის ცხრა დარბაზში 1200–მდე სხვადასხვა მედიაში შესრულებული ნამუშევარია გამოფენილი. დამწყებ და ნაკლებად ცნობილი არტისტების გვერდით წლეულს აქ წარმოდგენილნი არიან ისეთი ანგარიშგასაწევი და სახელოვანი მხატვრები, როგორებიც არიან: ანსელმ კიფერი, ჯორჯ ბაზელიცი, ჯულიან შნაბელი, ფრანკ ბოულინგი, ქრის ოფილი, ვოლფგანგ ტილმანსი, იინკა შონიბარი, მიმო პალადინო, რენცო პიანო, ტრეისი ემინი, აი ვეივეი, რებეკა ჰონი, გარი ჰიუმი, პიტერ დუიგი, ფილიპ სატონი, რონ არადი, რიჩარდ დიკონი, მარინა აბრამოვიჩი, ბარბარა რეი, ტონი ბევანი, ჯიმ დაინი, მაიკლ კრაიგ-მარტინი და სხვები. ნებისმიერი მხატვრისთვის ამაღელვებელიც არის და საპატიოც ასეთი ავტორიტეტების გარემოცვაში მოხვედრა.

რაც შეეხება პარმენ დაუშვილის ტილოს, ის ძალზე შთამბეჭდავია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს ადამიანის სულის მდგომარეობას. სურათის კომპოზიცია, ფერი და პლასტიკა გემოვნებით და ზომიერებით გამოირჩევა, რაც მნახველს შეუმჩნეველი არ რჩება. სამეფო აკადემიის აღნიშნული ექსპოზიცია გამოფენასთან ერთად ტრადიციულად გაყიდვაც არის და პარმენ დაუშვილის ნამუშევარი უკვე შეუძენია მსურველს, რასაც მოწმობს წითელი წერტილი სურათის ქვეშ. პარმენ დაუშვილმა გვიან დაიწყო ხატვა, თუმცა, საკმაოდ შთამბეჭდავი მიღწევები დააგროვა. მახსოვს, ლონდონის პორტრეტის ეროვნული გალერიის 2014 და 2017 წლების პორტრეტის კონკურსში მისი გამორჩევა და ორჯერ მონაწილეობა ამ უაღრესად პრესატიჟულ ექსპოზიციაში.

ვულოცავთ პარმენ დაუშვილს ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას, ნამდვილად ფართო გაცნობას და აღიარებას მნახველის მხრიდან, რადგან მის სურათს წლის ბოლომდე ათეულ ათასობით დამთვალიერებელი მოინახულებს“.

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

kvira.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close