რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

ტექნოლოგიები კორონავირუსის წინააღმდეგ თუ პოლიციური პლანეტის დასაწყისი?

ვიდეოთვალთვალის კამერები, სახის ამომცნობი და სმარტფონების მიხედვით გეოლოკაციის დადგენის სისტემები – ჩვენივე უსაფრთხოების დაცვის მომიზეზებით თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე ვეღარსად დავემალებით.

ჩინეთი

ჩინეთმა, სადაც COVID-19 დაიწყო, უყოყმანოდ გამოიყენა რადიკალური ზომები მისი შეჩერების მიზნით. ხელისუფლებამ არა მხოლოდ გამოაცხადა კარანტინი ქალაქებში და მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვები დააწესა, არამედ დაიწყო პაციენტებისა და ვირუსის პოტენციური მატარებლების გადაადგილების თვალის დევნება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

ჩინეთში მობილური ოპერატორები ხელისუფლებას ინფორმაციას აწვდიდნენ იმ ადამიანების ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებიც ჰუბეის პროვინციას სტუმრობდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ 2019 წლის ბოლოს ჩინეთმა SIM ბარათების ყიდვისას სავალდებულო გახადა სახის სკანირება. ამ მონაცემების საშუალებით ხელისუფლება თვალყურს ადევნებდა იმ ადამიანთა გადაადგილებას, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ და სოციალური ქსელების საშუალებით მესიჯებს უგზავნიდა მასთან კონტაქტში მყოფებს ამ ადამიანის დაავადების შესახებ.

ჩინეთში ბევრი ატარებს დამცავ ნიღაბს, მაგრამ კომპიუტერულ სისტემას მათი სახის ამოცნობაში ეს ხელს არ უშლის.

ჩინურმა კომპანია Hanwang Technology-მ (მისი მეორე სახელწოდებაა Hanvon-ი) განაცხადა ტექნოლოგიის შესახებ, რომლის საშუალებითაც შეიძლება დადგინდეს დამცავი ნიღბის მქონე ადამიანის პიროვნება დაახლოებით 95% სიზუსტით. როგორც ჰანვანგის ვიცე-პრეზიდენტმა ჰვანგ ლეიმ Reuters-ს განუცხადა, კომპანიის ტექნოლოგიას შეუძლია მასაში წამში 30-მდე ადამიანი ამოიცნოს.

ჩინეთის მაგალითს კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მიბაძა.

აშშ

აშშ-ის ხელისუფლებას სურს გამოიყენოს გეოლოკაციისა და სახის ამომცნობი ტექნოლოგიები კორონავირუსის გავრცელების შესამცირებლად, – წერს The Wall Street Journal, მაგრამ შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს უფრო მკაცრი კანონები აქვთ, ვიდრე ჩინეთს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელიც Google-ის, Facebook-ის, Amazon-ის და სხვა ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებმა განიხილეს თეთრ სახლთან ერთად.

Facebook-ი და Google-ი ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მონაცემების გამოყენება აშშ-ის მთავრობის დასახმარებლად. როგორც წესი, Google-ს შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია ხელისუფლებას Android-ის ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონის მფლობელების ან Google Maps-ის მომხმარებლების ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ მხოლოდ მათი თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით. „მაგრამ აშშ-ის მთავრობას აქვს უფლება მოითხოვოს ეს ინფორმაცია საგანგებო ვითარების დროს“, – ამბობს ალ ჯიდარი, სტენფორდის ინტერნეტისა და საზოგადოების კვლევის ცენტრიდან. „არა მგონია, ვინმე გამოჩნდეს, ვინც კამათს დაიწყებს იმაზე, რომ ახლა საგანგებო ვითარებაა“, – თქვა მან.

ისრაელი

ისრაელის მთავრობამ კონტრდაზვერვის სამსახურს „შინ ბეთს“ ნება დართო გამოეყენებინა ადგილობრივი მობილური ოპერატორების მონაცემები იმ ადამიანთა გადაადგილების დასადგენად, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდათ. შემდეგ მთავრობა გეოლოკაციის სისტემის გამოყენებით ტექსტურ შეტყობინებებს გაუგზავნის გარშემომყოფებს, რათა ისინი თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

 თამარ ქავჟარაძე

ინტერნეტმასალების მიხედვით

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close