მედიცინამსოფლიო

„ბი ბი სი“ – როდის დასრულდება ეს ყველაფერი? როდის მორჩება პანდემია?

2020 წელი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ალბათ ძალიან ცოტა მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ეს არ ახარებს. ეს წელი ხომ მთელი მსოფლიოსთვის მკვეთრად უარყოფითი იყო პანდემიით, უამრავი დაკარგული სიცოცხლით, დანგრეული კარიერით, სახლში გატარებული დღეებით, გაურკვევლობით და, რაც მთავარია, მომავლის შიშით. „სტარკები“ ყოველთვის მართლები არიან – ზამთარი მოდის! ოღონდ ამჯერად ზამთარს ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა და შიში მოსდევს. და ყოველივე ამის ფონზე ყველას მხოლოდ ერთ კითხვაზე პასუხი აინტერესებს – როდის დასრულდება ეს ყველაფერი? როდის მორჩება პანდემია?

ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს, თუმცა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს გარკვეული მოსაზრებები გააჩნიათ, რომლებსაც სხვადასხვა არგუმენტით ამყარებენ. ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯულიან ჰისკოქსის თქმით, შესაძლოა მომდევნო წლის ზაფხულში ცხოვრება გაცილებით უკეთესი იყოს, ვიდრე ახლა, თუმცა უკან, 2019 წელში დასაბრუნებლად დაახლოებით 5 წელი დაგვჭირდება. ნაკლებად ოპტიმისტები არიან სხვა მეცნიერები, რომელთა აზრითაც ადამიანებს ცხოვრების სტილის სამუდამოდ შეცვლა მოუწევთ იმისათვის, რათა ვირუსთან თანაარსებობა შეძლონ.

სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ვირუსი გაცილებით ნაკლებად საშიში და მომაკვდინებელი იქნება ვიდრე ახლა. მასობრივი ინფიცირება ან ვაქცინაცია მას ადამიანისთვის ნაკლებად საშიშ ვირუსად აქცევს, თუმცა ამას შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს, თუმცა ათწლეულების გასვლამდე წინ უახლოესი თვეებია.

უახლოესი თვეები

მსოფლიო ზამთარს და პირველზე ბევრად უარეს მეორე ტალღას ელის. საერთო ჯამში, საკმაოდ მშვიდი ზაფხულის შემდეგ, შემოდგომაზე ყოველდღიურ შემთხევათა მკვეთრი მატება დაიწყო. ევროპის ქვეყნები მკაცრ კარანტინში არიან, ან რამდენიმე დღეში იქნებიან. ივარაუდება, რომ ევროპა შობას მკაცრი რეგულაციების ფონზე შეხვდება და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ალბათ ყველაზე ნაკლებად საზეიმო შობა იქნება.

პირველი ვაქცინა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერები ახალი კორონავირუსის ვაქცინაზე დაჩქარებული ტემპებით მუშაობენ, ჯერჯერობით ვაქცინა არ გვაქვს. ამ ეტაპზე გამოცდის ბოლო ეტაპს 11 ვაქცინა გადის და გამოცდის შედეგებს მთელი მსოფლიო ელის, თუმცა იმ შემთხევავშიც, თუკი ვაქცინაცია ხვალვე იქნება შესაძლებელი, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ პირველი ვაქცინები სრულყოფილი არ იქნება. შესაძლოა მათ ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებზე იქონიონ გარკვეული ეფექტი და მათ თავიდან ააცილონ საავადმყოფოში მოხვედრა, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ პირველმა ვაქცინებმა ადამიანები ინფიცირების და ვირუსის გავრცელებისგან დაიცვან, ასევე, სათანადოდ დაიცვან რისკ-ჯგუფები, მაგალითად მოხუცები.

მიუხედავად ამისა, ყველა თანხმდება, რომ ვაქცინები ნამდვილად შეცვლის საერთო სურათს.

პროგნოზები, პროგნოზები…

ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორის, მარკ ვულჰაუსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ  ვაქცინა დროზე არ იქნება, ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა სულაც არ იქნება უკანასკნელი და ადამიანებს ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზითაც კი კიდევ რამდენიმე წელი მოუწევთ პირბადეებით სიარული, დისტანციის დაცვა და კონტაქტისგან თავის არიდება.

„ხშირად ვკითხულობთ, როდის დავუბრუნდებით ნორმას? არადა ეს არის ახალი ნორმა“, – ამბობს ვულჰაუსი.

fortuna.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close