fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

ევროპაში ილონ მასკის STARLINK-ის სწრაფი ინტერნეტით სარგებლობა თებერვლიდან იქნება შესაძლებელი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელისა და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მიერ ტვიტერზე გაკეთებული კომენტარის თანახმად, ევროპის ქვეყნებში Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსია მომავალი წლის თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი. სოციალურ ქსელში დასმულ შეკითხვას, როდის შეძლებდნენ ამ კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები ახალი სერვისით სარგებლობას, სამხრეთაფრიკული წარმოშობის მილიარდერმა ასე უპასუხა:

„როგორც კი ქვეყნებისგან ნებართვას მივიღებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს შესაბამისი მარეგულირებელი ორგანო არ აქვს, თითოეული სახელმწიფოს შემთხვევაში ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ შეთანხმებას ალბათ თებერვალში ან მარტში მივაღწევთ“.

Starlink-ის ინტერნეტის ბეტა ვერსიის საჯარო ტესტირება SpaceX-მა 26 ოქტომბერს დაიწყო. გამოცდა ამჟამად კანადის სამხრეთ პროვინციებსა და აშშ-ის ჩრდილოეთ შტატებში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობა კომპანიამ მომხმარებლებს ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებით შესთავაზა. ილონ მასკის თქმით, მსგავსი შინაარსის წერილს მიმდინარე კვირის განმავლობაში აშშ-ში მცხოვრები კიდევ რამდენიმე ათასი ადამიანი მიიღებს. ტესტირებაში მონაწილეობის მსურველებმა კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადის ფორმა უნდა შეავსონ, რომელშიც საკონტაქტო ინფორმაციასა და საცხოვრებელი ადგილის მისამართს მიუთითებენ.

სერვისით სარგებლობის ყოველთვიური საფასური ამ დროისთვის 99 აშშ დოლარია. ქსელთან დასაკავშირებლად მომხმარებლებს სხვადასხვა მოწყობილობის, მათ შორის, სატელიტური მიმღებისა და ვაიფაი როუტერის შეძენა სჭირდებათ, რომელთა საერთო ღირებულება 499 აშშ დოლარს შეადგენს.

24 ოქტომბერს ილონ მასკის მიერ შექმნილმა რაკეტამ Falcon 9-მ პროექტ Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე 60 ახალი მიკროსატელიტი გაიყვანა, რის შედეგადაც მათმა რაოდენობამ იქ 800-ს გადააჭარბა. SpaceX-ის ამოცანა დედამიწის ორბიტაზე ხელოვნურ თანამგზავრთა თანავარსკვლავედის შექმნაა, რომლის დანიშნულებასაც პლანეტის ნებისმიერი წერტილიდან მაღალი სიჩქარის ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. პირველ ეტაპზე სატელიტების რაოდენობა 1500-მდე იქნება, მომავალში კი ჩვენი პლანეტის ორბიტაზე 42 ათასი თანამგზავრის განთავსებას იმედოვნებენ, რის შემდეგაც ქსელში თითქმის მთელი მსოფლიო ჩაერთვება.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close