fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: მთავრობამ თესალონიკში ლოქდაუნის რეჟიმი შემოიღო

დღეს დილით საგანგებო განცხადება გაავრცელა საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა სტელიოს პეცასმა. სპიკერის განცხადებით, ხვალიდან, 3 ნოემბრიდან, დილის 6 საათიდან ადგილობრივი ლოქდაუნი ცხადდება თესალონიკსა და სერესში.

მოქალაქეთა გადაადგილება მოხდება მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, როგორც ეს ხდებოდა პირველი საყოველთაო ლოქდაუნის დროს.

შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს.

ამჯერად არ დაიკეტება სკოლები. საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან სამედიცინო საჭიროებისთვის შეეძლებათ.

იკეტება თესალონიკის აეროპორტი – გაუქმებულია როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენები.

როგორც პეცასმა აღნიშნა, აღნიშნულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მძიმეა და საჭიროა ზომების დროულად მიღება, ვიდრე ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება.

მთავრობა დამატებით 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს პანდემიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

ხელისუფლება უწყვეტ რეჟიმში ეცნობა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების მასშტაბებს და, სავარაუდოდ, უახლოეს ხანებში ახალი შეზღუდვები დაწესდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საბერძნეთში დაფიქსირდა ვირუსით ინფიცირების 40 929 შემთხვევა. გარდაიცვალა 635 ინფიცირებული. სარეკორდო იყო 31 ოქტომბრის მონაცემები: 2 055 ახალი შემთხვევა 24 საათის განმავლობაში.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close