fbpx
იტალიაპოლიტიკა

იტალიის მთავრობის ახალი დეკრეტი კოვიდთან ბრძოლის ზომების შესახებ 26 ოქტომბერს შევა ძალაში

რა შეზღუდვებს უნდა ელოდონ იტალიელები?

„ანსას“ ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე 25 ოქტომბერს მოაწერს ხელს ახალ დეკრეტს კოვიდინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო დამატებითი ზომების შესახებ. განიხილება რეგიონებს შორის გადაადგილების შეზღუდვა, რომელსაც, გამოცემის ვარაუდით, ყველა არ დაუჭერს მხარს. 

26 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობა (მათ შორის, ბარების, პაბების რესტორნების, კაფე-სანაყინეების და საკონდიტროების) შეწყდება კვირაობით და სადღესასწაულო დღეებში, ხოლო დანარჩენ დღეებში ისინი დილის 5-იდან 18:00 სთ-მდე იმუშავებენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს, აგრეთვე, 18:00 სთ-ის შემდეგ საზოგადოებრივ და ღია საჯარო სივრცეებში  საკვების და სასმლის მოხმარების აკრძალვას, ხოლო სახლში მიტანის სერვისი განხორციელდება ჰიგიენის და უსაფრთხოების წესების დაცვით. ობიექტების მიერ საკვების გაყიდვა თან წაღებით ნებადართული იქნება 24:00 სთ-მდე, თუმცა აიკრძალება კვება ადგილზე და დაწესებულების სიახლოვეს.

ასეთია რამდენიმე შეზღუდვა იმ პაკეტიდან, რომელზეც ახლა მთავრობა მუშაობს. ახალი შეზღუდვები ძალაში შევა 26 ოქტომბრიდან და 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მკაცრად რეკომენდებულია, არ დატოვოთ თქვენი მუნიციპალიტეტი, სადაც ჩაწერილი ხართ; გამონაკლისია სამუშაო, სასწავლო, ჯანმრთელობის მდგომარობით განპირობებული ან სხვა აუცილებელი საჭიროებების შემთხვევები.

შეჩერდება თეატრების, კინოთეატრების და კაზინოების მუშაობა, მათ შორის, ღია სივრცეშიც.

სკოლებში სწავლა გაგრძელდება საბავშვო ბაღებში, დაწყებით და საშუალო საფეხურზე (14 წლამდე), დანარჩენ შემთხვევაში 75% იქნება დისტანციური, 25% – დასწრებით.

განიხილება მოედნების და ხალხმრავალი ქუჩების დაკეტვა 21:00 სთ-ის შემდეგ, ბევრი ადამიანის თავშეყრის თავიდან ასაცილებლად.

იტალიაში ბოლო კვირების განმავლობაში ინფექციის მეორე ტალღა ძალას იკრებს. 24 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, გარდაიცვალა 151 პაციენტი, დაინფიცირდა კიდევ 19 644 ადამიანი და დადასტურებული შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა (504 509). ჩატარდა 177 669 ტესტი, 4300-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ.  მათგან ლომბარდიაში ყველაზე მეტი, 4956 ახალი შემთხვევა დაფიქისრდა, შემდეგ მოდიან: პიემონტი (+1548), კამპანია (+1718), ვენეტო (+1729), ლაციო (+1687), ტოსკანა (+1526), ემილია რომანია (1180), ლიგურია (1035).

ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 53 წლამდეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) მოხსენებაშია აღნიშნული. საინტერესოა, რომ ISS-ის თანახმად, ეპიდემიის პირველ 2 თვეს ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 60 წელზე მეტი იყო, აგვისტოში 30 წლამდე შემცირდა, ახლა კი ნელ-ნელა ისევ იზრდება.

ნინო ხოშტარია

p. s. პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ წუხელ უკვე მოაწერა ხელი ახალ დეკრეტს  (Dpcm) კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შესახებ, რომელთა შორის არის ბარების, რესტორნების და კვების სხვა ობიექტების დაკეტვა 18:00 საათზე.

მაღალი კლასები შესაძლოა 100%-ით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.

ამასთან, მთავრობა დააჩქარებს 1,5-2 მილიარდი ევროს რეალიზაციას მოსახლეობის იმ ნაწილის დასახმარებლად, რომელსაც ეს ზომები ყველაზე მეტად დააზარალებს.

ახალი დეკრეტი 26 ოქტომბრიდან შედის ძალაში და მისი მოქმედება 24 ნოემბრამდე გაგრძელდება.

25 ოქტომბერს, 13:30 სთ-ზე რომის დროით ჯუზეპე კონტე კიჯის სასახლეში პრესკონფერენციას გამართავს, რომელზეც ახალ დეკრეტთან დაკავშირებით განმარტებებს გააკეთებს.

სტატია განახლებულია 25 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე (კერძოდ, დამატებული აქვს  p. s.-ის ტექსტი)

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close