იტალიასაზოგადოება

ამაღამ იტალია (მთელ ევროკავშირთან ერთად) ზამთრის დროზე დაბრუნდება

ამაღამ, 3 საათზე იტალია მზის (ე. წ. ზამთრის) დროზე დაბრუნდება. ისრები ერთი საათით უკან უნდა გადაწიოთ, ანუ 3:00 საათის ნაცვლად 2:00 საათზე დააყენოთ, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

რა თქმა უნდა, სულაც არ არის აუცილებელი, 3 საათამდე მოიცადოთ, რომ საათის ისრები გადაწიოთ. დაძინების წინ გადაწიეთ ისრები ერთი საათით უკან (მაგ., თუ 12-ზე იძინებთ, ისარი 11 საათზე დააყენეთ) და დილით რომ ადგებით, თქვენი საათი იტალიის დროის ზუსტ შესაბამისობაში იქნება.

როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები ზფხულის დროზე ბოლოჯერ გადავლენ. ვინც გადაწყვეტს, რომ ზაფხულის დროზე დარჩეს, საათის ისრებს ბოლოჯერ მარტის ბოლო კვირა დღეს გადაწევს, ხოლო ვინც მზის დროზე დარჩენას აპირებს, მაშინ ის ქვეყნები საათის ისრებს ბოლოჯერ 2021 წლის ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადაწევენ.

ევროპარლამენტის ეს გადაწყვეტილება ემყარება ევროკომისიის მასშტაბურ კვლევას, რომელშიც 4,6 მლნ ევროპელი მონაწილეობდა და მათი უმრავლესობა, 80% სეზონურად საათის ისრების გადაწევა-გადმოწევის წინააღმდეგი აღმოჩნდა. თავის მხრივ, მეცნიერებმაც დაადგინეს, რომ ზაფხულის და ზამთრის დროზე გადასვლა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმსა და ჯანმრთელობაზე. ევროკომისია დროის ცვლილების შეწყვეტას უკვე 2019 წელს ითხოვდა, თუმცა ევროპარლამენტმა ამ გადაწყვეტილების აღსრულება 2021 წლამდე გადადო.

ცოტა რამ ისტორიიდან:

ვის დაებადა ზაფხულის დროზე გადასვლის იდეა? – ზაფხულის ხანგრძლივი დღის სინათლის სრულად გამოყენების მიზნით, გაზაფხულზე საათის ისრების ერთი საათით წინ გადაწევის იდეის ავტორად ხშირად მოიხსენიებენ ბენჯამინ ფრანკლინს, რომელმაც ამის შესახებ Journal de Paris-ში ენერგომომარაგების საკითხებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სატირულ სტატიაში გამოთქვა მოსაზრება.

ისტორიკოსთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ პირველად 1895 წელს ბიოლოგმა ჯორჯ ვერნონ ჰადსონმა წამოაყენა ინიციატივა ზაფხულის დროზე გადასვლის შესახებ ახალი ზელანდიის სამეფო საზოგადოებაში. იგი დღის განმავლობაში შუქის გამოყენების დამატებით საათებზე აკეთებდა აქცენტს.

მიუხედავად ამისა, ზაფხულის დროზე გადასვლა, როგორც პირველი მსოფილო ომის დროს ევროპის ენერგეტიკული კრიზისის გდაწყვეტის გზა, 1907 წელს ბრტანელმა მეწარმემ უილიამ ვილეტმა შესთავაზა მთავრობას.  2016 წელს ლონდონის თემთა პალატამ მწვანე შუქი მისცა ამ გადაწყვეტილებას და მალე ბევრმა ქვეყანამ მიბაძა ბრიტანეთის მაგალითს.

2001 წლიდან ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ზაფხულის დროზე ცხოვრება იწყება მარტის ბოლო კვირა დღეს და მთავრდება ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.

იტალიაში დროის ცვლილება – ზაფხულის და ზამთრის დროები 1966 წლიდან მოქმედებს. უფრო ადრე ამგვარი პრაქტიკა 1916 წელს დაუშვეს, მას შემდეგ რამდენჯერმე გაუქმდა და ისევ შემოიღეს ზაფხულის დროზე გადასვლა ქვეყანაში, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება 1965 წელს მიღებული კანონით განმტკიცდა – იმ პერიოდში ენერგიის მოხმარება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა.

რამდენიმე რჩევა სწრაფი ადაპტაციისთვის:

ადამიანის ორგანიზმს დროის ცვლილებასთან ადაპტაციისთვის რამდენიმე დღე სჭირდება ბიოლოგიური საათის გამო, რომელიც ციკარდიულ რიტმებს უკავშირდება – ციკარდიული რიტმები წარმოიქმნება უეცარი ცვლილებების გამო, მაგ., როგორიცაა ზაფხულის დროდან ზამთრის (მზის დროზე) გადასვლა. ამ დღეებში გავრცელებული სიმპტომებია: დაღლილობა, გაღიზიანებულობა, კონცენტრაციის და შრომისუნარიანობის დაქვეითება სამუშაოზე, გულისრევა და მადის დაკარგვა. ამ სიმპტომებს მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება.

ორგანიზმს დროის ცვლილებასთან ადაპტაციას გაუადვილებს რეჟიმის თანდათანობითი ცვლა: გადაწიეთ საკვების მიღება და დაძინების დრო თანდათან, ყოველდღიურად 15-15 წუთით.

კიდევ ერთი რჩევა: კვირიდან შესაძლოა ძალზე სასარგებლო იყოს მოძრაობა, აქტივობა ნაშუადღევს, საღამოსკენ, სუფთა ჰაერზე დროის გატარება, რათა მზის შუქის ზემოქმედებამ გაუგზავნოს ორგანიზმს სიგნალი, რომ ჯერ ადრეა დაძინება. არ დაიძინოთ ძალიან ადრე, რათა არ გაგეღვიძოთ ისეთ დროს, რომ გათენებამდე ჯერ კიდევ შორს იყოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close