მსოფლიოპოლიტიკა

არჩევნები აშშ-ში: ფლორიდაში საარჩევნო უბნებთან რიგები დადგა

ამერიკა 2 კვირაში – 3 ნოემბერს აირჩევს, ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი მომავალი 4 წლის განმავლობაში – ჯო ბაიდენი (ბოლო გამოკითხვებით, დემოკრატების კანდიდატს ამომრჩეველთა 52% უჭერს მხარს) თუ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (რესპუბლიკელთა კანდიდატს, სოციოლოგიური გამოკითხვებით, ამომრჩეველთა 42% ემხრობა).

ორშაბათს, 19 ოქტომბერს ფლორიდაში ნაადრევი ხმის მიცემა დაიწყო და საკმაოდ აქტიურად: BBC-ს ინფორმაციით, წვიმიანი და ქარიანი ამინდის მიუხედავად საარჩევნო უბნებთან ამომრჩევლების რიგები დადგა.

არჩევნებისთვის ამ მთავარი შტატის მაცხოვრებლებს კარგად ახსოვთ, 2000 წელს სულ რაღაც 537-მა ხმამ ფლორიდაში როგორ გადაწყვიტა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ბედი.

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ წელს ფლორიდაში ხმის მიცემის შედეგები გადამწყვეტი შეიძლება გახდეს გამარჯვებულის გამოსავლენად.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფოსტით 28 მლნ-ზე მეტი ბიულეტენი გაიგზავნა – ეს რეკორდული მაჩვენებელია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღემდე არჩევნები არასდროს ჩატარებულა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.

ამერიკული მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ დემოკრატიული პარტიის დარეგისტრირებული მომხრეები რაოდენობით რესპუბლიკელებს უსწრებენ და მათ 2-ჯერ მეტი ბიულეტენი გაგზავნეს, თუმცა რესპუბლიკელები ირწმუნებიან, რომ შესაძლოა დემოკრატებმა ნაადრევი ხმის მიცემის შედეგებით გაიმარჯვონ, მაგრამ ტრამპის მომხრეები გამარჯვებას არჩევნების დღეს იზეიმებენ.

მათი ნაწილი ემხრობა ტრამპის აზრს, რომ ფოსტით ხმის მიცემა – ეს თღლითებისთვის სამოთხეა, თუმცა ამ შიშების რეალური მტკიცებულებები არ არსებობს.

ბრენანის იუსტიციის ცენტრის მიერ 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში არჩევნებში ხმის მიცემისას თაღლითობის დონე 0,00004%-იდან 0,0009%-მდეა.

რაც შეეხება სოციოლოგიური გამოკითხვების რეიტინგებს, ბაიდენის უპირატესობა ტრამპზე მთელი 10%-ით, ცხადია, მის გარდაუვალ გამარჯვებას არ ნიშნავს.

მაგალითად, 2016 წელს დემოკრატების კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც გამოკითხვებში ლიდერობდა, არჩევნებში თითქმის 3 მილიონით მეტი ხმა მიიღო, ვიდრე დონალდ ტრამპმა, თუმცა მაინც წააგო – იმიტომ, რომ აშშ იყენებს შტატების ამომრჩეველთა კოლეგიის სისტემას, რომლის მიხედვითაც, მეტი ხმის მიღება ყოველთვის როდი ნიშნავს გამარჯვებას. შესაბამისად, მიღებული ხმების რაოდენობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რომელ შტატშია მიღებული ამომრჩეველთა ხმები.

ნიკო აბაშიშვილი

P. S. ცნობისათვის: ამომრჩეველთა კოლეგია აშშ-ის კონსტიტუციის საფუძველზე შექმნილი ორგანოა, რომელიც 538 წევრისგან შედგება. იმისათვის, რომ კანდიდატი პრეზიდენტი გახდეს, მას მინიმუმ 270-მა წევრმა უნდა მისცეს ხმა.

ამომრჩეველთა კოლეგია შტატების წარმომადგენლებისგან შედგება. თითოეულ შტატს კოლეგიაში ზუსტად იმდენი წარმომადგენელი ჰყავს, რამდენიც კონგრესში. რაც შეეხება კოლუმბიის ოლქს, ის კოლეგიაში 3 წევრით არის წარმოდგენილი (აშშ-ის ყველაზე მცირერიცხოვანი შტატის მსგავსად).

ამომრჩეველთა კოლეგიაში თითოეულ შტატს წარმომადგენელთა განსხვავებული რაოდენობა ჰყავს, რომელიც შტატში მცხოვრებთა რიცხვზეა დამოკიდებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close