fbpx
მედიცინასაქართველო

საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის შემცირების ერთ-ერთი გზა დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი რემდესივირია, რომლითაც საქართველოში მკურნალობა, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან იქნება შესაძლებელი.

მისივე თქმით, უფრო შორეულ მომავალში კი ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

„ერთეულით, მაგრამ მაინც გაიზარდა სიკვდილობა. ამის გადაჭრის ერთ-ერთი გზა, რაც მთავრობის ინიციატივით და სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა, არის დღეისთვის ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტის, „რემდესივირის“ რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა. ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ს აქვს ფუფუნება, რომ ჰქონდეს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის. კიდევ რამდენიმე ქვეყანა უკვე შეძენის პროცესშია ან ცალკეული პარტიები აქვთ შეძენილი.

როგორც ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, უკვე შემუშავებულია მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, რადგან მთელი მსოფლიო ამ მედიკამენტის რიგში დგას. გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა, მათ შორის, მოწოდების ბიუროკრატია, ზოგ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება მოწოდებას. აქ გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10 თუ 14 დღეში, ამას კიდევ დავაზუსტებთ, მოწოდება განხორციელდება და სადღაც 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს იმ მოქალაქეების მკურნალობას, ვისაც აქვს მძიმე ან კრიტიკულად მძიმე ფორმა, ყველაფერ იმასთან, რაც აქამდეც იყო – უმაღლესი სტანდარტების ზოგადი თერაპია, სტანდარტული თერაპია, მოვლა და ზოგიერთი ინოვაციური მიდგომა, მაგალითად, პლაზმის გადასხმა – დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება, რემდესივირი. ცოტა უფრო შორეულ მომავალში კი ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწოლეობას ორი მსოფლიო ლიდერის, ენტონი ფაუჩის და იენ სლუნდერნის პირადი რეკომენდაციით. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

1tv.ge

სამწუხაროდ, ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად საქართველოში გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობაც და გარდაცვლილთა ასაკიც გაახალგაზრდავდა. 12 ოქტომბერს 43 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ბოლო ერთი დღის განმავლობაში გარდაცვლილი მე-7 პაციენტი იყო.

ამ დროისთვის კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში 93-ს აღწევს, მაშინ როდესაც 20 სექტემბრამდე მხოლოდ 19 ადამიანი იყო დაღუპული კოვიდის დიაგნოზით ანუ 3 კვირაში გარდაცვლილთა რაოდენობა თითქმის 5-ჯერ გაიზარდა.

ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია SARS-CoV-2-ით ინფიცირების 12 272 შემთხვევა; გამოჯანმრთელდა 6538 პაციენტი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close