კრიმინალისაქართველო

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეეფარდათ

რა თქვეს ბრალდებულებმა სხდომაზე?

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 8 ოქტომბერს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ივერი მელაშვილმა და ნათალია ილიჩოვამ სასამართლო სხდომაზე განცხადებები გააკეთეს, რომლებსაც „საქართველოს პირველი არხი“ აქვეყნებს. ისინი ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ უკანონო და საქართველოს საზიანო არაფერი ჩაუდენიათ.

ივერი მელაშვილი: „არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის“, – განაცხადა მელაშვილმა.

ნატალია ილიჩოვა: „ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი. შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი რუკა და ახალი თანამედროვე რუკა. იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. გვაქვს უკეთესი ვარიანტები რუკების, არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. დღეს როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, რომ აქ რაღაცა იკარგება, ეს არაკორექტულია, სულ მცირე. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია?

მე და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოვიარეთ, ჩვენ ვიარეთ ქედები, მდინარეები და ყველა რელიეფი ვიცით. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ, რამდენად სწორია ეს რუკები“.

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მოსამართლემ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც წარდგენილი ბრალდებას დაადასტურებს.

წინასასამართლო სხდომა საქმეზე 4 დეკემბერს გაიმართება.

პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს  დააკავა.

სისხლის სამართლის საქმეზე – უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 17 აგვისტოს  დაიწყო.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

p. s. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას – მათი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას – სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close