fbpx
საზოგადოება

სიმსივნით დაავადებულ ქართველ გოგოს საფრანგეთიდან ექიმი გამოჰყვა, რომელმაც გზაში მაკიაჟი გაუკეთა და შვილებს ისე აჩვენა – სულისშემძვრელი ისტორია

23 წლის მარიამ ძაგნიძე საფრანგეთში, ლიონის ერთ-ერთ კლინიკაში სიმსივნის მძიმე ფორმას – იონგის სარკომას ებრძოდა, საზოგადოების დახმარება სჭირდებოდა იმისთვის, რომ მისი უკანასკნელი სურვილი რეალობაც ქცეულიყო: მას შვილების და ოჯახის სხვა წევრების უკანასკნელად ნახვა სურდა.

ფრანგი ექიმების პროგნოზით, მარიამი დღეებს ითვლის…

ამ ისტორიამ მთელი საქართველო არა მარტო შეძრა, არამედ გააერთიანა კიდეც და შედეგად, მარიამმა უკანასკნელი სურვილი აისრულა – ის ახლა შვილებთან ერთადაა. რომ არა თქვენ, მკითხველები, ის დამოუკიდებლად ამ ოცნებას ვერ აისრულებდა.

ეს ყველაფერი  დიდ თანხებს უკავშირდებოდა. მარიამის საქართველოში ჩამოყვანა რეანომობილით 35 ათასი ევრო ჯდებოდა, რისი საშუალებაც ოჯახს არ გააჩნდა, ამიტომ დახმარებას საზოგადოებას სთხოვდნენ.

თვითმფრინავი, რომლითაც მარიამი მოფრინავდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღამით დაეშვა, ახალგაზრდა ქალი უკვე შვილებთან და ოჯახის წევრებთან ერთად არის.

ამ ემოციურ ისტორიას კიდევ უფრო გულისამაჩუყებელი გაგრძელება აქვს: მარიამს თბილისამდე ექიმი უნდა გამოჰყოლოდა, რაშიც ფრანგმა მედპერსონალმა 15 ათასი ევრო მოითხოვა.

როცა ეს ამბავი ლიონის სხვა კლინიკაში მომუშავე წარმოშობით ქართველმა ექიმმა გაიგო, მაშინვე ოჯახს დაუკავშირდა და დახმარების სურვილი გამოთქვა.

„პრაიმტაიმი“ მარიამ ძაგნიძის ოჯახის ახლობელს ნათია ლორიას ესაუბრა.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მარიამი უკვე შვილებთან და ოჯახთან ერთად არის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს, ემიგრანტებს და საქართველოს მთავრობას. რომ არა მათი მხარდაჭერა, მარიამი საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა.

ახლა მინდა გიამბოთ ლიონში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე ქართველ ექიმზე, რომელიც 7 წლის იყო, როდესაც მშობლებთან ერთად საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. გვანცა თოლორაიას საჯარო მადლობას ვუხდი. მან სრულიად უსასყიდლოდ, თავისი ნებით გადაწყვიტა, რომ მარიამს გამოჰყოლოდა საქართველოში.

მარიამი მეუღლესთან და გვანცა თოლორაიასთან ერთად

ამ მაგარ გოგონას ფრანგი მეუღლე ჰყავს, რომელიც ასევე კლინიკაში რეანიმატოლოგი გახლავთ. გვანცას ქმარმა, მეც წამოვალ სულ რომ სამსახურიდან გამაგდონოჩავუყვანოთ მარი შვილებსო, ასე უთქვამს. ახლაც ცრემლები მადგება, ბედნიერი ვარ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ასე უანგაროდ დახმარების ხელი გაუწოდონ განსაცდელში მყოფს.

საოცარი იცით რა არის? ერთი საათის წინ, როცა თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, სანამ მარის რეანომობილში გადმოიყვანდნენ, გვანცამ მარის მაკიაჟი გაუკეთა და შვილებს ასე აჩვენა“, – ამბობს ნათია.

ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველას ერთად გამოგვივიდა. 23 წლის მარიამი ახლა სახლშია…

თორნიკე ყაჯრიშვილი

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close