ოთხშაბათს, 7 ოქტომბერს დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა იტალიის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება და იტალიაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ La Repubblica წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ კიჯის სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას მოქალაქეებს მიმართა და სიფრთხილისკენ მოუწოდა საკუთარ სახლშიც კი.
„ჩვენ ყოველთვის თანმიმდევრულ ხაზს ვატარებდით: ჯანმრთელობის დაცვა პირველ ადგილზეა, მათ შორის, იმიტომაც, რომ დადებითად მოქმედებს წარმოებაზე. გამჭვირვალობა, ადეკვატურობა და თანაზომიერება, – განაცხადა კონტემ . – ჩვენ გვაქვს მკაცრი რეკომენდაცია – კერძო სახლებისთვისაც კი: ოჯახშიც ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ მეგობრებს და ნათესავებს ვმასპინძლობთ, ფრთხილად ვართ და დისტანციას ვიცავთ. ეს არის ის სიტუაცია, როდესაც ინფექცია ყველაზე მეტად ვრცელდება…“
მთავრობა რეკომენდაციას იძლევა, მოქალაქეებმა ატარონ ნიღაბი და დაიცვან წესები ოჯახში სტუმრების, ნათესავების მიღების დროსაც.
„ბავშვები 6 წლამდე, ისინი, ვინც სპორტითაა დაკავებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც სუნთქვის პრობლემა აქვს, გათავისუფლებულები არიან ნიღბის ტარებისგან გარეთ, ღია ცის ქვეშ“, – აღნიშნა პრემიერმა.
კონტეს თქმით, რეგიონულ მთავრობებს შეუძლიათ მიიღონ უფრო მკაცრი შემზღუდავი ზომები, თუმცა საერთოეროვნულ დონეზე დაწესებულ შეზღუდვებს ვერ შეამსუბუქებენ, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ჯანდაცვის მინისტრთან იქნება შეთანხმებული.
„მთავრობას სურს უფრო მკაცრი იყოს, რათა სამეწარმეო საქმიანობის ახალი შემზღუდავი ზომები ავიცილოთ თავიდან“, – განმარტა პრემიერმა.
მისი თქმით, სამუშაო ადგილებზე „უსაფრთხოების პროტოკლები“ ისევ ძალაში რჩება.
რაც შეეხება სტატისტიკას: იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს საღამოს გამოქვეყნებული ყოველდღიური ბიულეტენის თანახმად, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა – კორონავირუსი გასულ 24 საათში 3688 ადამიანს დაუდასტურდა (იტალიაში ბოლო 6 თვის განმავლობაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა დღეს პირველად გადააჭარბა 3000-ს, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 16 აპრილის შემდეგ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ გასულ 24 საათში რეკორდული რაოდენობის ტესტი ჩატარდა – 125 314). მთლიანობაში ქვეყანაში SARS-CoV-2-ით ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 333 940-ს აღწევს.
კოვიდის მსხვერპლთა რიცხვი ამ დროისთვის 36 061-ს უდრის – ეს მაჩვენებელი გასულ ერთ დღეში 31-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დიდი რაოდენობაა 2020 წლის აპრილის შემდეგ. გამოჯანმრთელდა 235303 პაციენტი – გასულ ერთ დღეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 1204-ით გაიზარდა.
ჯანდაცვის ექსპერტების თქმით, იტალიაში მეორე ტალღა განსხვავებულად მიმდინარეობს – ამ დროისთვის ქვეყანაში არ არსებობს ვირუსის ეპიცენტრი, ინფექცია ყველა რეგიონში მეტ-ნაკლებად თანაბრად ვრცელდება, პირველი ტალღისგან განსხვავებით, როდესაც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ლომბარდიის რეგიონი იყო.
მინისტრთა საბჭოს ახალ გადაწყვეტილებას COVID-თან ბრძოლასთან დაკავშირებით დღეს, 7 ოქტომბერს რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ მოაწერა ხელი. ტექსტში მოცემულია ნორმატიული ბაზა 2021 წლის 31 იანვრამდე – საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ახალ ბოლო თარიღამდე. ის, ასევე, განსაზღვრავს იტალიის მთელ ტერიტორიაზე ნიღბის ტარების ვალდებულების 15 ოქტომბრამდე გაგრძელებას. ნიღბის ტარება სავალდებულოა დახურულ სივრცეში, საკუთარი სახლის გარდა და გარეთ, ქუჩაშიც, ღია სივრცეში.
ქუჩაში, ისევე როგორც მაღაზიებსა და ტრანსპორტში ნიღბის არქონის შემთხვევაში მოქალაქეები დაჯარიმდებიან. ჯარიმა 400-იდან 1000 ევრომდეა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები